იტალია

იტალიის სენატმა პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტეს უმცირესობის მთავრობას მხარი დაუჭირა

ჯუზეპე კონტე

იტალიის სენატმა პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტეს უმცირესობის მთავრობას მხარი დაუჭირა.

კონტეს მთავრობას მხარი დაუჭირა 156-მა სენატორმა, უნდობლობა გამოუცხადა 140-მა, თავი შეიკავა 16-მა. მიუხედავად ამისა, კონტემ პარლამენტის ზედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა, რაც სამომავლოდ საკამათო კანონმდებლობის მხარდაჭერის მოპოვებას გაურთულებს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სერჯო მატარელას სთხოვენ, ჩაერიოს და აიძულოს კონტე, თანამდებობა დატოვოს.

იტალიის პარლამენტმა კონტეს მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებას მას შემდეგ უყარა კენჭი, რაც სამთავრობო კოალიცია მატეო რენცის პარტიამ დატოვა.

ქვედა პალატაში კონტეს მთავრობას მხარი 321-მა დეპუტატმა დაუჭირა, უნდობლობის გამოცხადების მომხრე იყო 259.

რენცის პარტიამ კოალიცია კორონავირუსის და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების სტრატეგიებზე უთანხმოების გამო დატოვა. რენცის თქმით, კონტემ პანდემია ძალაუფლების ცენტრალიზებისათვის გამოიყენა და არ აკეთებს საკმარისს განათლების, ინფრასტრუქტურისა და კორონავისურთან გამკლავების თვალსაზრისით. მისი პარტია ეწინააღმდეგება კონტეს მთავრობის გეგმას ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 209 მილიარდი ევროს დახარჯვის თაობაზე.

მატეო რენცის პარტიასთან კოალიციის ჩამოყალიბებამდე, 2018 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი სამთავრობო კოალიცია, რომელსაც სათავეში ჯუზეპე კონტე ჩაუდგა, შედგა 5 ვარსკვლავის მოძრაობასა და ჩრდილოეთის ლიგას შორის. ევროკომისიის პრეზიდენტისა და ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხებზე უთანხმოების შედეგად ეს კოალიცია 2019 წელს დაიშალა. ამის შემდეგ 5 ვარსკვლავის მოძრაობამ კოალიცია შექმნა დემოკრატიულ პარტიასთან. მალევე რენციმ დემოკრატიული პარტია დატოვა და Italia Viva ჩამოაყალიბა.

კომენტარები