ეკონომიკა

2020 წლის 11 თვეში ქართულმა ბანკებმა ჯამურად 1.4 მილიონი ლარი იზარალეს

iStockPhoto

გასული წლის იანვარ-ნოემბერში ქართული ბანკების ჯამურმა ზარალმა მთლიანად 1.4 მილიონი ლარი შეადგინა. ინფორმაცია ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ყოველთვიური მიმდინარე მიმოხილვიდან ხდება ცნობილი. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ბანკებმა ნოემბერში მოგებაზე გასვლა შეძლეს და ჯამურად მათ 85 მილიონ ლარამდე მოგება მიიღეს. აღნიშნული მატება ძირითადად გაზრდილ საპროცენტო შემოსავლებს უკავშირდება, რომელიც წლიურ გამოსახვაში თითქმის 10%-ით არის გაზრდილი. 

ჯამური ზარალიანობის მიზეზი პანდემიის საწყის ეტაპზე, 2020 წლის მარტში ბანკების მიერ საკრედიტო დანაკარგების დაზღვევის მიზნით დარეზერვებული 1.2 მილიარდი ლარია. სწორედ ამ მოცულობის ზარალს ვარაუდობდნენ ბანკები კრიზისის საწყის ეტაპზე და, შესაბამისად, თანხა საკრედიტო დანაკარგების ბუფერში გადაიტანეს, რითაც პოტენციური ზარალი წინასწარ ჩამოწერეს.

კომენტარები