ეკონომიკა

ჩინეთის ეკონომიკამ ბოლო 45 წლის განმავლობაში ზრდის ყველაზე დაბალი ტემპი აჩვენა

პეკინი, თიენანმენის მოედანი.
CNN

გასულ, 2020 წელს ჩინეთის ეკონომიკა 2.3%-ით გაიზარდა, ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო რესპუბლიკის სტატისტიკის ბიურო აქვეყნებს. ეს არის ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მაო ძედუნის სიკვდილისა და ქვეყანაში დენ სიაპონის ინიცირებული ეკონომიკური რეფორმების შემდეგ. 

1976 წლის შემდეგ, ეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი ტემპია. ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა წლიურად 6%-ს აღემატებოდა - 2017 წელს მშპ 6.8%-ით, 2018 წელს 6.6%-ით, 2019 წელს კი 6%-ით გაიზარდა. 

ზრდის ტემპის რეკორდული შემცირების მიუხედავად, ჩინეთი ერთადერთი მსხვილი ეკონომიკაა მსოფლიოში, რომელმაც ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა.  გლობალური პანდემიისა და აშშ-სთან მიმდინარე სავაჭრო ომის ფონზე ჩინეთის ეკონომიკა წლიურ მეოთხე კვარტალში დინამიურად იზრდებოდა. თუკი პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, უკვე მეორე კვარტალში 3.2%-ით, მესამეში 4.9%-ით, ხოლო მეოთხეში 6.5%-ით გაიზარდა. 

ჩინეთი ერთადერთი მსხვილი ეკონომიკაა, რომელიც გლობალური პანდემიის პირობებში არათუ არ შემცირდა, არამედ შთამბეჭდავად გაიზარდა. მეოთხე კვარტალში მსოფლიოში პანდემიის გამო შექმნილი სირთულეებიდან გამომდინარე ჩინურ პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და შესაბამისად, ექსპორტის ზრდის მოსალოდნელ მაჩვენებელსაც გადააჭარბა. 

ლონდონში მდებარე ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, პანდემიის გამო ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ს  5 წლით ადრე, 2033 წლის ნაცვლად 2028 წელს გადააჭარბებს. კვლევის მიხედვით, ჩინეთი მშპ მოცულობით აშშ-ს ეკონომიკას 2028 წელს გადააჭარბებს. 

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები სწორედ ჩინეთში გამოვლინდა, კვირების განმავლობაში ქვეყანა უარყოფდა საფრთხეს და მალავდა ინფორმაციას დაავადების შესახებ. ინფექციის გავრცელების საწყის ეტაპზე ჩინეთი ლიდერობდა როგორც ახალი შემთხვევების, ასევე გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობით.  ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით,  ჩინეთში ვირუსის გავრცელება შეჩერებულია. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 97 000 შემთხვევაა გამოვლენილი.

კომენტარები