ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ილია კარკაძე ანტისემიტური განცხადებების შემდეგ ანტივაქსერულ კონსპიროლოგიას ავრცელებს.
ქადაგებაზე დეკანოზი აცხადებს, რომ ბოლო ჟამია და თუ გადავხედავთ ტელეეთერებს, "ინტერნეტ სივრცეს განსაკუთრებით, ვნახავთ, რომ უკვე დაიწყო ეს ბოლო პერიოდები, სადაც უკვე აღარ მალავენ, გამოდიან და რეკლამას უკეთებენ ჩიპებს".
"ყველაზე კიდევ უფრო საშიში არის ათეიზმი, იმიტომ, რომ ათეისტი ადამიანის გაგებაში ეს არ არსებობს. ათეისტი ადამიანი უკვე დაპყრობილი ჰყავს ეშმაკს. ნეოტექნოლოგიებით ხარობენ და ეს არის მათი მიღწევები. არ ესმით მათ არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი. არც ეშინია, იმიტომ, რომ ადამიანი უგნურად რჩება... მაგრამ მათი ბაგებიდან გებულობ ერთ რამეს, როცა ჟურნალისტები ესაუბრებიან დღევანდელი აცრების შესახებ. კი, ჩიპი ჩიპია, მაგრამ დავუშვათ, ეს პატარა ნეოტექნოლოგიები, რომელიც არის უკვე, ისეთია, რომ კარგი დაკვირვება და სპეციალური რამე უნდა, რომ დაინახო, რა არის შიგნით ჩადებული და აცრების შედეგად თუ შეიძლება ეს შემოგვეპაროსო? არ არისო გამორიცხულიო". – ამბობს დეკანოზი.
მისივე თქმით, კორონავირუსი ღვთის სასჯელია და ჩვენს გამოსაფხიზლებლად დაუშვა ღმერთმა.
"ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა, შეიძლება მოწამეთა გვირგვინი დაიდგას თავზე, იმიტომ, რომ ღმერთი არასდროს არის წაგებული, იმიტომ, რომ ღმერთი უშვებს ჩვენს გამოსაფხიზლებლად, ჩვენს გამოსაწრთობად. თვალები გაქვს, ყური გაქვს და გული გაქვს და კაცი რომ გეუბნება, რომ მსოფლიოში ადამიანთა რიცხვი ძალიან ბევრი არის, გეუბნება, რომ უნდა გამოგვხშირონ და გეუბნება, რომ ამ ვირუსის შემდეგ ეს ვაქცინა მიიღო.. დადგება დრო, ბევრი ადამიანი მივა დაჰიპნოზებული, ცოდვათა გამო აქვს ეშმაკს ძალაუფლება, რომ ჰიპნოზში ჩააგდოს, მართალ ადამიანს ის ვერ შეეხება". – აცხადებს დეკანოზი ილია კარკაძე და აღნიშნავს, რომ ექიმების მეშვეობით ცდილობს, "ერთგვარი აგიტაცია, პროპაგანდა გაწიოს ბოროტმა სულმა და ადამიანები მოტყუებული დატოვოს".