რელიგიის თავისუფლება

ნაკაიძე ნათელაშვილს: ცდებით, როცა გამოსავლად მუსლიმების გაქრისტიანებას მიიჩნევთ

ტაბულა

"ცდებით, როცა გამოსავლად მუსლიმების გაქრისტიანებას მიიჩნევთ". - მიმართავს ევროპული საქართველოს წევრი, ტარიელ ნაკაიძე ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს. 

ნათელაშვილი ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ "საპატრიარქოს მილიონები მუსლიმების მოსაქცევად რომ დაეხარჯა, ეს არ მოხდებოდა". 

"სამწუხაროდ, ოპოზიციურ სპექრტშიც გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც არ აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება და მოქცეულია იმ ნარატივში, რასაც ზოგადად ხელისუფლება თუ დომინანტი რელიგია ეწევა აჭარაში. 

ბატონო შალვა, გეთანხმებით, რომ მილიონებით სახელმწიფოს ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს არცერთი რელიგიური ორგანიზაცია (თუ საპატრიარქოს ნაშოვნილ მილიონებში ამას გულისხმობდით). მაგრამ ძალიან ცდებით, როცა საუკეთესო გამოსავლად მუსლიმების მართლმადიდებლად მოქცევას მიიჩნევთ. სწორედ ეს არასწორი დამოკიდებულებებია პრობლემების წყარო. მოგიწოდებთ, როგორც პოლიტიკოსს, დაიკავოთ სეკულარული მიდგომა, სწორი სახელმწიფოებრივი აზროვნება და მიდგომა მხოლოდ საქართველოს მრავალფეროვნებაში, ამ მრავალფეროვნების დაცვასა თუ განვითარებაშია. იმედს ვიტოვებ და ველოდები თქვენ სწორი პოზიციის დაფიქსირებას". - წერს ტარიელ ნაკაიძე. 

სოფელ ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს-მ ძალადობის გამო ერთი ადამიანი დააკავა. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა. ბუკნარის მუსლიმმა მოსახლეობამ ჩოხატაურის მერიასთან აქცია გამართა. გუშინ, 15 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თქვეს, რომ შეთანხმებას მიაღწიეს.

კომენტარები