ქართული ოცნება

"არ გიპასუხებთ" - მდინარაძე კითხვაზე, მიიღებს თუ არა ივანიშვილის რჩევას, თუ ის გადაიფიქრებს

"ასე და ისე თუ იქნება - ამაზე არ გიპასუხებთ" - ასე პასუხობს ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ტაბულას კითხვას, გაითვალისწინებს თუ არა გუნდი ბიძინა ივანიშვილის რჩევას, თუ ის ოცნებასთან კონსულტაციების შეწყვეტის შესახებ ნათქვამს გადაიფიქრებს. 

"ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვისმენთ ჟურნალისტებისგან დათქმებს - "ამ შემთხვევაში, თუ ასე იქნება და ამის შემდეგ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში რა იქნება". არ ვიქნები ძალიან სერიოზული, თუ ამ კითხვაზე პირდაპირ გიპასუხებთ - "ამ შემთხვევაში კი, იმ შემთხვევაში არა..."  

მოცემულობა გვაქვს ერთი, პარტიის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კონსულტაციების დონეზეც არ იქნება ჩართული. ეს არის მოცემულობა და, თუ ამ მოცემულობიდან გამოვალთ, უკვე პასუხიც ნათელია. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა, მის გარეშე უნდა ვმართოთ გუნდი, უნდა ვმართოთ ქვეყანა". - ამბობს მამუკა მდინარაძე.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ქართული ოცნების წევრებისთვის "კონსულტაციების მიცემას" აღარ აპირებს და, მისივე მტკიცებით, არ იქნება "არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან."   

კომენტარები