კორონავირუსი საქართველოში

როგორ უნდა ისარგებლონ სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეღავათიანი ინტერნეტპაკეტით

thedailysheeple.com

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტპროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. სამინისტროს ცნობით, დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტრესურსების მოსაძიებლად.

პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. ვებგვერდი mobile.emis.ge დღეს 14:00 საათზე ამოქმედდა. დისტანციური სწავლების პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.

განათლების სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა სს სილქნეტთან, შპს მაგთიკომთან და შპს ვიონი საქართველოსთან (ბრენდი ბილაინი). სამინისტროს ცნობით, სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს 2 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცემათ.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 18 იანვარს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

კომენტარები