კორონავირუსი საქართველოში

18 იანვრიდან ქვეყნის 10 ქალაქსა და აჭარაში სკოლებში სწავლა სრულად დისტანციურად განახლდება

thedailysheeple.com

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 18 იანვარს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

"ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით ისარგებლებენ.

"დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების მოსაძიებლად". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები