ინდონეზია

ინდონეზიაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა 34 ადამიანი

Getty Images

ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის, მიწისძვრა მოხდა. ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატისა და გეოფიზიკის სააგენტოს თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მაჟენიდან 6 კილომეტრის დაშორებით 10 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

ქალაქ მაჟენში, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 637 ადამიანი, დაზიანდა 300-მდე შენობა. მეზობელ მამუჯუს რეგიონში მიწისძვრას 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შენობების ნანგრევებში მოყოლილების ძებნა გრძელდება. 

მეტეოროლოგიის, კლიმატის და გეოფიზიკის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრას ცუნამი არ გამოუწვევია, თუმცა მიწისძვრის შედეგად ქალაქებს შეუწყდათ ელექტრომომარაგება. ქალაქების, მაჟენის და მამუჯუს დამაკავშირებელ გზაზე კი მიწისძვრით გამოწვეული სამი მეწყერი ჩამოწვა. ერთი დღით ადრე, ხუთშაბათს, იმავე რეგიონში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც რამდენიმე შენობა დააზიანა.

ინდონეზია სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და აქ ძლიერი მიწისძვრები ხშირად ხდება. 2018 წელს კუნძულ სულავესიზე 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც ქალაქ პალუს ცუნამი დააატყდა თავს. ბუნებრივმა კატასტროფამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები