Nord Stream 2

რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის მშენებლობა ივნისში დასრულება - Bloomberg

გაზპრომის გაზსადენის, Nord Stream 2-ის ოპერატორის გეგმის მიხედვით, მილების გაყვანა და ძირითადი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg კომპანიის სამუშაო გრაფიკსა და თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მილგამყვანი გემი ფორტუნა დანიის ტერიტორიულ წყლებში მუშაობას მაისის ბოლო კვირაში დაასრულებს, რის შემდეგაც იგი გაემართება გერმანიაში გაზსადენის დარჩენილი მონაკვეთის დასასრულებლად, რაც ივნისამდე გაგრძელდება.

მანამდე, 15 იანვარს, დანიის ეკონომიკურმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში სამუშაოები 15 იანვრიდან აღდგებოდა.

გაზპრომის გაზსადენი Nord Stream 2 ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის ორი ჯაჭვის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის ჯამური სიგრძეც 1 200 კილომეტრს, ხოლო სიმძლავრე წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება. ამ გაზსადენით გერმანია მიიღებს რუსულ გაზს ფინეთის, შვედეთის და დანიის ტერიტორიული წყლების გავლით. 

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი შეუშალა ამერიკულმა სანქციებმა, რის შემდეგაც სამუშაოების წარმმართველმა შვეიცარიულმა კომპანია AllSeas-მა პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

აქედან ერთი წლის შემდეგ, პროექტზე მუშაობა რუსულმა ხომალდებმა გააგრძელეს, ამ დროისთვის რამდენიმე რუსული სპეციალური გემის მეშვეობით უკვე გაყვანილია 2.6 კილომეტრი სიგრძის გაზსადენი. ამ დროისთვის გაყვანილია გაზსადენის 90%. 

კვლავინდებურად აშშ გაზსადენის წინააღმდეგია. პირველ იანვარს კონგრესმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, რომელიც გაზსადენის მშენებლობისა და ექსპლოატაციაში ჩაშვების ყველა ეტაპზე მონაწილე ნებისმიერი კომპანიისთვის მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს. მათ შორის ამერიკული სანქციები ემუქრება კომპანიებს, რომლებიც პროექტის დაზღვევასა და სერტიფიცირებას მოინდომებენ, აქედან გამომდინარე, პროექტის ბედი კვლავაც ბუნდოვანია.

 

კომენტარები