ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ახალი კანონით ტელეკომუნიკაციების პროვაიდერმა ვებ-გვერდი პირველად დაბლოკა

ProtonMail

ჰონგ-კონგის ტელეკომუნიკაციების პროვაიდერმა Hong Kong Broadband Network (HKBN) დაბლოკა ვებგვერდი, სადაც ძირითადად ავრცელებდნენ მასალას 2019 წლის ჰონგ-კონგის ანტისამთავრობო პროტესტის შესახებ. კომპანიის განცხადებით გადაწყვეტილება ჰონგ-კონგის უშიშროების კანონის გამო მიიღეს. 

ჩინეთის მიერ დაწესებული უშიშროების კანონით ადგილობრივ ვებგვერდზე პირველად დაწესდა ცენზურა. 

მაშინ, როდესაც კონტინენტურ ჩინეთში მკაცრი ცენზურაა და უცხოური სოციალური მედიის პლატფორმები, ახალი ამბების გვერდები დაბლოკილია, ჰონგ-კონგში "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" პრინციპით ამ დრომდე შესაძლებელი იყო სხვადასხვა ვებგვერდებზე თავისუფლად წვდომა. 

HKBN-მა განცხადება 13 იანვარს გავრცელა, თუმცა ჰოგ-კონგში გასული კვირიდან HKChronicles-ის ვებგვერდზე შესვლა უჭირდათ. თუ რატომ, HKBN ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

ადგილობრივი სიახლეების სააგენტო წერს, რომ პოლიციამ ახალი კანონით პირველად HKChronicles-ის ვებგვერდის დაბლოკვა მოითხოვა.

ამ ვებგვერდზე ვრცელდება სხვადასხვა ანტისამთავრობო პოსტი, ასევე, ჰონგ-კონგის პოლიციელებზე პირადი ინფორმაცია. 

ადგილობრივები და აქტივისტები გადაწყვეტილებით შეშფოთებულები არიან. 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კომენტარები