მეათე მოწვევის პარლამენტი

ელისაშვილი: ჩვენ აღარავის ველოდებით, სულ რომ მარტო შევიდეთ, შევალთ

რუსთავი 2

"ჩვენ არავის აღარ ველოდებით, სულ რომ მარტო შევიდეთ, შევალთ მარტო. დაგვემხო ეს ქვეყანა თავზე, გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის". – ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, პალიტრანიუსის ეთერში თქვა. 

მისივე თქმით,  ოპოზიციამ ქართულ ოცნებას "ხელიდან უნდა გამოგლიჯოს ის, რაც გამოსაგლეჯია, რაც არის საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების ძირფესვიანად შეცვლა".

“გვაქვს ასეთი გეგმა. ველოდებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, რადგან გვაქვს ელჩების პატივისცემა, რომელთაც უზარმაზარი შრომა ჩადეს. არც ერთ ქვეყანაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლები ელჩები არ არიან - ეს ჩვენდა სამარცხვინოდ, არის ჩვენი ნოუჰაუ, ჩვენდა სამარცხვინოდ.

იანვრის ბოლომდე თუ მეხუთე რაუნდი არ გაიმართება, მოვიფიქრებთ, როგორ ვიმოქმედოთ. თუკი ქართული ოცნება იმ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, რაც ჩვენი აზრით, ამ ქვეყნისთვის საშვილიშვილო ამბავია, ანუ საარჩევნო რეფორმა და ცესკოს ფუნდამენტური ცვლილება, ასევე ციხეში მყოფი პოლიტპატიმრების გამოშვება და თუკი ამ პირობების შესრულების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ქართული ოცნება ცვლილებებს მიიღებს, დაარქმევს მას ელექტრონული არჩევნების სისტემას, მაგრამ იქნება გამოღრუტნული და გამოშიგნული შინაარსის ცვლილებები". – ამბობს ელისაშვილი. 

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მანდატები მოიპოვეს, უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და იგი არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. 

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობამ უარი თქვა. 

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის სამ წევრს, რომელთაც მანდატები იმის გამო ერთგოთ, რომ პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს. მანდატებზე უარი არ უთქვამთ გირჩის სამ და მოქალაქეების ორ წევრს. 

კომენტარები