რელიგიის თავისუფლება

ომბუდსმენი: ხელისუფლებამ იმოქმედოს, რომ ყველამ თანაბრად ისარგებლოს რელიგიის თავისუფლებით

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

გუშინ, 12 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურში, ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა წერს, რომ ძალადობის გამო 1 ადამიანი დააკავეს. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა.  

ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობას, გაატარონ ქმედითი ღონისძიებები, რათა ყველა მოქალაქეს თანაბრად ჰქონდეს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. 

გთავაზობთ ომბუდსმენის განცხადებას:

Image removed. გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმმა მრევლმა საკუთარი სახსრებით შეიძინა საცხოვრებელი სახლი, სადაც სალოცავად იკრიბებოდნენ. ამ ფაქტმა ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

Image removed. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული რწმენის თავისუფლება, რაც თავის თავში მოიცავს რელიგიური რიტუალების ჩატარებისა და მათში მონაწილეობის უფლებას. სახელმწიფოს ვალდებულებაა თანაბრად შეუწყოს ხელი ყველასთვის ამ უფლებით განუხრელად სარგებლობას. ამასთან, სახელმწიფომ ნეიტრალურად და მიუკერძოებლად უნდა დაიცვას მორწმუნეთა შორის სოციალური მშვიდობა. სწორედ ნეიტრალიტეტზე და მიუკერძოებლობაზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიულობა და პლურალიზმი.

Image removed. უნდა აღინიშნოს, რომ ბუკნარში განვითარებული მოვლენები არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუსლიმი თემის მხრიდან საკუთარი რწმენის შესაბამისად რელიგიური რიტუალების განხორციელება უკმაყოფილებას იწვევს მართლმადიდებელ მოსახლეობაში. სამწუხაროა, რომ მუსლიმთა მიმართ 2012-2016 წლებში გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით (ცალკეულ შემთხვევაში მუსლიმები სამართალდამცავი პირების მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტებაზეც მიუთითებდნენ), არ დამდგარა ძალადობის განმახორციელებელი პირების პასუხისმგებლობა. აღნიშნული ტიპის საქმეებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება არსებითად მნიშვნელოვანია მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის.

Image removed. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მიიღონ შესაბამისი ზომები ძალადობის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარ ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიების მიზნით. ამასთან, უზრუნველყონ მუსლიმური რელიგიური რიტუალების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.

Image removed. სახალხო დამცველი ასევე, მოუწოდებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს - გაატარონ ქმედითი ღონისძიებები, რათა ყველა მოქალაქეს თანაბრად ქონდეს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და ხელი შეუწყონ განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის მქონე მოსახლეობის მშვიდობიან თანაცხოვრებას.

კომენტარები