დავითგარეჯის საქმე

ზარქუა: ბედნიერი ვარ, რომ აღმოჩნდა რუკები, რომელიც ადასტურებს, რომ დავითგარეჯი საქართველოა

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც ივანიშვილმა ქველმოქმედი, გმირი და პატრიოტი უწოდა დავით ხიდაშელს, ბიზნესმენს, რომელმაც პროკურატურას გადასცა რუკები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის და წევრის, ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ფიგურირებს. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის რუკები აღმოჩნდა, რომელიც ადასტურებს, რომ დავითგარეჯი საქართველოა და ამით მე ვარ ბედნიერი". – ამბობს ირაკლი ზარქუა. 

ბიძინა ივანიშვილმა დავით ხიდაშელზე გუშინ, 12 იანვარს ისაუბრა

"არანაკლები ქველმოქმედია ჩემზე და არანაკლები პატრიოტი და არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას მე გმირობად ვთვლი. ნიუანსებს, თუ მოუნდება თვითონ იტყვის, მაგრამ რაც მან გაუკეთა ქვეყანას, ვთვლი რომ ჭეშმარიტი გმირობაა". – თქვა ივანიშვილმა.  

ხიდაშელი წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ რუსულ საინვესტიციო კორპორაცია Sistema JSFC-ში, სადაც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებული არაერთი პირი იკავებს წამყვან თანამდებობებს.

პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი და სპეციალურ სამთავრობო კომისიაში ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი - ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურა მელაშვილის და ილიჩოვასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

კომენტარები