ასტრაზენეკა

ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინა: ყველაფერი, რისი ცოდნაც გჭირდებათ

ოქსფორდ-ასტრაზენეკა Covid-19-ის საწინააღმეგო ვაქცინაა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა და მისმა ბრიტანულ-შვედურმა პარტნიორმა, ფარმაცევტულმა კომპანია ასტრაზენეკამ განავითარეს. 30 დეკემბერს ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მისი გამოყენების ავტორიზაცია გასცა.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის  და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ერთ-ერთი ვაქცინა, რომლის საქართველოში შემოტანა განიხილება სწორედ ასტრაზენეკაა. 

რამდენად ეფექტიანია  და რა უპირატესობები აქვს?

ასტრაზენეკა უსაფრთხო და ეფექტიანია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, რასაც მოწმობს დეკემბრის დასაწყისში ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული მესამე ფაზის კვლევის შედეგები.   11000 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა 62%-ით ეფექტიანი იყო Covid-19 ის პრევენციაში 4440 პაციენტში, რომლებმაც ვაქცინის ორი სტანდარტული დოზა მიღეს და 90%-ით ეფექტიანი იმ საკვლევ ჯგუფში, სადაც პაციენტების თავდაპირველად შეუყვანეს ვაქცინის ნახევარი დოზა, შემდეგ კი სტანდარტული დოზა. 

პლაცებო ჯგუფში საავადმყოფოში მოხვდა ათი ადამიანი, ორ მათგანში Covid-19-ის მძიმე მიმდინარეობით, ერთი-ერთი მათგანი გარდაიცვალა. იმ ჯგუფში, სადაც ვაქცინა მიიღეს, მძიმე შემთხვევები არ ყოფილა, ჰოსპიტალიზაცია არ მომხდარა და არავინ გარდაცვლილა. 

ორივე დოზირების რეჟიმის კომბინირებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის საშუალო ეფექტიანობა 70.4%-ს უტოლდება. Შედარებისთვის, Moderna-ს ახალი კორონავირუსის ვაქცინის ეფექტიანობა 94%-ია, ხოლო  Pfizer-ის 95%. 

ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, განსხვავება ორ ეფექტიანობის მაჩვენებლს შორის გამოწვეული იყო არა განსხვავებული დოზებით, არამედ განსხვავებული ინტერვალებით პირველ და მეორე დოზებს შორის.

სერ მუნირ პირმოჰამედი,  მედიცინის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის თავჯდომარე და  კლინიკური ფარმაკოლოგიის და გენეტიკის პროფესორი ლივერპულის უნივერსიტეტში ამბობს, რომ  უფრო გრძელი ინტერვალი ვაქცინის პირველ და მეორე დოზების შორის ასტრაზენეკას ეფექტიანობას 80%-მდე გაზრდის.  

თუმცა, ეს ალტერნატიული, უფრო მაღალი ეფექტიანობის  დოზირების რეჟიმი ჯერ-ჯერობით ბრიტანულ რეგულატორს არ დაუმტკიცებია და მის ეფექტიანობას მომავალში სხვა კვლევები გადაამოწმებს.

დაავადების პრევენციის  მტკიცებულებების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ვაქცინა ვირუსის გადაცემის პრევენციასაც უზრუნველყოფს.  "ჯერ-ჯერობით დანამდვილებით არ ვიცით, ვაქცინირებული ადამიანი იქნება თუ არა "საფრთხე" სხვებისთვის და შეამცირებს თუ არა ასტრაზენეკა ტრანსმისიას. ეს რამდენიმე თვეში გვეცოდინება." - აღნიშნავს ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცერი, ეპიდემიოლოგი პროფესორი ჯონათან ვან ტამი.

რამდენიმე კვირა დასჭირდება იმის დამტკიცებასაც, ეფექტურია თუ არა ასტრაზენეკა ახალი შტამების წინააღმდეგ. 

კვლევის გამოქვეყნდებამდე არსებობდა მოსაზრება, რომ ვაქცინა ნაკლებად ეფექტიანი იქნებოდა მოხუცებში,  ისევე როგორც გრიპის ვაქცინა არის ნაკლებად ეფექტიანი ასაკოვან პირებში. თუმცა კვლევა ადასტურებს, რომ  ასტრაზენეკამ ახალგაზრდებში და მოხუცებში ერთნაირი იმუნური რეაქცია აღძრა. 

ბრაიან პინკერი პირველი ადამიანი იყო, ვინც ვაქცინის დოზა მიიღო. "ძალიან მიხარია ვაქცინის მიღება და ამაყი ვარ, რომ ეს ის ვაქცინაა, რომელიც ოქსფორდში შექმნეს." - ამბობს 82 წლის დიალიზზე მყოფი პაციენტი ოქსფორდიდან.

გაერთიანებულ სამეფოში შექმნილი ვაქცინა  გლობალურად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი მთავარი კონკურენტების, Pfizer-ის და Moderna-ს შედარებით მაღალი ეფექტიანობის მქონე ვაქცინები, იმ თვალსაზრისით, რომ უფრო იაფია და შესაძლებელია მისი შენახვა მაცივრის რეგულარულ ტემპერატურებზე.  AstraZeneca-ს განცხადებით, ისინი არ ეცდებიან პანდემიის განმავლობაში ვაქცინისგან მოგების მიღებას და განვითარებად ქვეყნებს მისი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეეძლებათ. 

Pfizer-BioNTech-ის პროდუქტების ერთი დოზის ღირებულება $20-ია, Moderna-ს $33 მაშინ, როცა Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ღირებულება მხოლოდ $4-ია. ვაქცინის შენახვა შესაძლებელია ექვსი თვის განმავლობაში 2-8 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.

 

პირველი პაციენტი, რომელმაც ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინა მიიღო. 

როგორ მუშაობს?

Pfiizer-BioNTech-ის და Moderna-ს ვაქცინები დაფუძნებულია ინფორმაციული რნმ-ის (mRNA) ტექნოლოგიაზე. Oxford-Astrazeneca მათგან განსხვავებულია, ის ადენოვირუსის ვექტორის გამოყენებას ეფუძნება.

მეცნიერებმა აიღეს გაციების ვირუსის დასუსტებული, გაუვნებელყოფილი ვერსია, რომელიც შიმპანზეებს აავადებს და  გენური ინჟინერიით გარდაქმნეს ისე, რომ ორგანიზმში მოხვედრისას კორონავირურის ეგრეთ წოდებული სპაიკ ცილა წარმოქმნას. ეს აღძრავს  ძლიერ იმუნურ რეაქციას და ამრიგად, ამზადებს იმუნურ სისტემას მომავალში კორონავირუსზე თავდასხმისთვის, თუ ის ორგანიზმში მოხვდება.   მკვლევრებს აქამდეც გამოუყენებიათ ეს ტექნოლოგია გრიპის, ზიკას და შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (Mers)-ის წინააღმდეგ ვაქცინების შესამუშავებლად.

The Pfizer-ის, Oxford/AstraZeneca-ს და Moderna-ს ვაქცინები განაპირობებს, როგორც ანტისხეულების ასევე T უჯრედულ პასუხს. ანტისხეულები ცილებია, რომლებიც ორგანიზმში შეჭრილ პათოგენს ესხმიან თავს და ეუბნებიან იმუნურ სისტემას, რომ პათოგენს შეებრძოლონ.      T ციტოტოქსიური უჯრედი ლეიკოციტების ნაირსახეობაა, რომლებიც ნადირობენ ინფიცირებულ უჯრედებზე და პირდაპირ ანადგურებენ მათ. 

შეუძლიათ თუ არა ალერგიულ ადამიანებს ვაქცინის მიღება?

გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლის, MHRA-ს თანახმად, Pfizer-ის და Oxford-ის ვაქცინის ადმინისტრირება უსაფრთხოა საკვების და მედიკამენტების მიმართ დოკუმენტირებული ალერგიის მქონე პირებში. 

მძიმე ალერგიული რეაქციის, ანაფილაქსიის შემთხვევების გამო (ანაფილაქსია მილიონი ადმინისტრირებული დოზიდან 11 ადამიანში განვითარდა), Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შესახებ გამოიცა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია, რომ ვაქცინის ადმინისტრირებიდან 15 წუთის განმავლობაში პაციენტები ვაქცინაციის პუნქტში უნდა დაყოვნდნენ . იგივე რეკომენდაცია არ შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, რადგან ასტრაზენეკას ადმინისტრირების შემდეგ მძიმე ალერგიული რეაქციები არცერთ პაციენტში არ აღწერილა. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაქცინის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ დადასტურებული ალერგიის მქონე ადამიანებმა არ უნდა მიიღონ ის. მაგრამ ადამიანები, რომლებსაც ალერგია აქვთ სხვა წამლების ან მედიკამენტების მიმართ, უნდა მიიღონ ის რადგან სარგებელი გადაწონის პოტენციურ რისკებს." - ამბობს სერ მუნირ პირმოჰამედი,  მედიცინის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის თავჯდომარე და კლინიკური ფარმაკოლოგი და გენეტიკოსი. 

 

კომენტარები