ასტრაზენეკა

AIFA-ს დირექტორი: ასტრაზენეკას ვაქცინის შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ასტრაზენეკას ვაქცინის შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – აცხადებს იტალიის სამედიცინო რეგულატორის, AIFA-ს გენერალური დირექტორი. 

ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, სხვა არაერთ ევროპულ ქვეყანასთან ერთად, პოტენციურად მძიმე გვერდითი ეფექტების გამო შეაჩერა, თუმცა ამ მომენტისთვის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დასტურდება. 

"ვაქცინაციის შეჩერებამდე იმიტომ მივედით, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, ვაქცინის უსაფრთხოების გადამოწმება განიზრახა. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა". – აცხადებს ნიკოლა მაგრინი. 

დირექტორის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხოა და მისგან მიღებული სარგებელი რისკებს ბევრად აღემატება. იტალიაში, ვაქცინაციას 8 ადამიანის გარდაცვალებას და ოთხში მძიმე გვერდითი ეფექტების გამოვლენას უკავშირებენ, თუმცა, ვაქცინის ბრალეულობა ამ მომენტში არ დასტურდება.

AIFA-ს საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად 2-3 დღე დასჭირდება. მაგრინი იმედოვნებს, რომ "ეჭვების გაქარწყლების შემდეგ ქვეყანა ვაქცინაციის ტემპს კიდევ უფრო ააჩქარებს".

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანა გააფრთხილა, რომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული შიშების გამო ვაქცინაციის კამპანია არ შეაჩერონ.

კომენტარები