ასტრაზენეკა

ჯანმო: ასტრაზენეკას ვაქცინის სარგებელი რისკებს აჭარბებს

17 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის უსაფრთხოების პანელის განცხადებით, ისინი მიიჩნევენ, რომ ასტრაზენეკას, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სარგებელი რისკებს აჭარბებს და მათი რეკომენდაციით, ვაქცინით აცრა უნდა გაგრძელდეს. 

"ჯანმო-ს ვაქცინების უსაფრთხოების მსოფლიო მრჩეველთა კომიტეტი ყურადღებით აფასებს ასტრაზენეკას ვაქცინის უსაფრთხოების უახლეს მონაცემებს. ამ განხილვის დასრულების შემდეგ ჯანმო დაუყოვნებლივ აცნობებს საზოგადოებას დასკვნებს". –ნათქვამია განცხადებაში. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანა გააფრთხილა, რომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული შიშების გამო ვაქცინაციის კამპანია არ შეაჩერონ. ბოლო ხანებში გაჩნდა შიშები, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა სისხლის თრომბის წარმოქმნას იწვევდა, რაც არასაკმარის მონაცემებს ეყრდნობოდა.

ასევე, ასტრაზენეკას ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომ თრომბოზის წარმოქმნასა და ვაქცინას შორის კავშირი არაა. ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში ასტრაზენეკათი აიცრა 17 მილიონი ადამიანი. ვაქცინირებულებიდან 15-ს განუვითარდა ღრმა ვენის თრომბოზი, 22-ს კი ფილტვის ემბოლია, რაც, ასტრაზენეკას კომპანიის თქმით, ასეთი დიდი რაოდენობის ჯგუფისთვის ბუნებრივი დამთხვევაა და არა ვაქცინის ბრალი. 

16 მარტს იტალიის სამედიცინო რეგულატორის, AIFA-ს გენერალური დირექტორმა განაცხადა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 

ამავე დღეს ევროპის წამლის სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ემერ ქუქიმ ასტრაზენეკას ვაქცინის შესახებ თქვა, რომ ახლანდელი მონაცემებით ასტრაზენეკასა და თრომბოემბოლიას შორის კავშირი არაა.

კომენტარები