ანტისემიტიზმი ეკლესიაში

საფრანგეთის ელჩი: ანტისემიტიზმი და რასიზმის ყველა სხვა ფორმა ყველგან მიუღებელია

დიეგო კოლასი

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი Facebook-ზე ისრაელის ელჩის, რან გიდორის განცხადებას გამოეხმაურა და მისდამი მხარდაჭერა გამოხატა:

"ვფიქრობ, რომ ანტისემიტიზმი და რასიზმისა და არატოლერანტობის ყველა სხვა ფორმა ყველგან მიუღებელია. რა თქმა უნდა, ეს მოიცავს ყველა მოძველებულ სტერეოტიპს, რომლის გამოც როგორც წარსულში, ისე ახლა, ებრაულ თემს ბევრი გაჭირვება შეხვდა". - დაწერა მან.

საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა განცხადება საეკლესიო ამბიონიდან წარმოთქმული კიდევ ერთი ანტისემიტური ქადაგების შესახებ 8 იანვარს გაავრცელა

"ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში, 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტიებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს." - ნათქვამია მის განცხადებაში.

ისრაელის ელჩმა საქართველოს მთავრობას და პატრიარქს ანტისემიტიზმის დაგმობისაკენ მოუწოდა.

"როგორც ისრაელის სახელმწიფოს ელჩი და შვილი 91 წლის მამისა, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ მკაფიოდ და ძლიერად გაისმას მისი ხმა და დაგმოს სიძულვილით სავსე ანტისემიტური გამოსვლები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ის მკაცრად გმობს ილია კარკაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას და, ასევე, განმარტა მის მიერვე მანამდე გაკეთებული განცხადება, იმედს ვიტოვებ, რომ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, რომელიც ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის გულწრფელ მეგობრობაზე ებრაელ ხალხთან, თავადაც კიდევ ერთხელ გაიმეორებს ტოლერანტობისკენ მოწოდების ეგზომ საჭირო გზავნილს და დაგმობს ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს.

როგორც ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა: "ერთადერთი რამ, რაც აუცილებელია ბოროტების ტრიუმფისთვის, არის ის, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ“.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა შეაჩეროს ანტისემიტიზმის აღმოცენება ამ ქვეყანაში" - ნათქვამია მის განცხადებაში.

 

ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მსგავსად, ანტისემიტურად შეფასებული ქადაგება წარმოთქვა. 

ქადაგებაში დეკანოზი ილია გამოეხმაურა მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგებას, რომლის გამოც ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს. მღვდელი ამბობს, რომ არის სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას", თუმცა, ასევე არიან მოსეს რჯულის ებრაელებიც, რომლებიც მათ "არ ერწყმიან".

დეკანოზი მიიჩნევს, რომ მიტროპოლიტი ფაქტებს ამბობდა და ამის გამო მას ანტისემიტიზმი დასწამეს. 

"მაგალითად, მე რომ წავიკითხო აბელის წინასწარმეტყველება. აბელს უწერია, ურიები დაგესლავენო რუსეთსო და ფაქტია, რომ ეს ასეა, კაცო. ამიტომ არის, რომ მსოფლიო პროცესს თუ გადახედავთ... როგორც წერია, ანტიქრისტე რომ მოდის, ეშმაკი, ის ქრისტეს მტერია, ქრისტეს ებრძვის და ამიტომ გებრძვის შენ. 

ბევრ წყაროებში ვხედავთ ჩვენ, მაგალითად, ლენინი ვინ იყო? ტროცკი ვინ იყო? ზინოვიევი ვინ იყო? სვედლოვი ვინ იყო? გადახედეთ, ასეთი დოკუმენტური ფილმია სტალინზე "მესიის მახვილი". 28 დაჯგუფება იყო და 28 დაჯგუფებაშივე მთლიანად ებრაელები იყვნენ, რომლებმაც რევოლუცია მოაწყვეს". – ამბობს დეკანოზი ქადაგებაში. 

მღვდელი მრევლს მოუწოდებს, გადახედოს, ვის ხელშია დღეს "მთელი ბანკური სისტემა" და იხსენებს, რომ ადრე, საბჭოთა კავშირის დროს, მთელი "ბანკური სისტემა" ერთი მეთაურის ხელში იყო. 

"ეს ძალიან კარგი არის, როგორ უნდოდათ [სავარაუდოდ, ხელში ჩაგდება. გარკვევით არ ისმის]... სტალინის ხელში ვერ მოახერხეს, იმხელა გენია იყო ამ საქმეში და მერე და მერე დაიპყრეს რუსეთიც. დღეს საქართველოც დაპყრობილია. რუსეთიც დაპყრობილია. ოფშორული ფული, გაიგეთ, რა არის. 

თუ ადრე დაგიპყრობდა სახელმწიფო და კოლონია იყავი მისი, ტაქტიკა შეიცვალა ახლა. ამის სათავეებში ვინ არის, გადახედეთ. ის ძალები, რომლებიც აფინანსებენ, ამაზეა საუბარი და ჩვენ თუ გამოვედით და ვუთხარით ვინმეს...

ამგენის ხელშია დღეს ფინანსური ბერკეტები. ჩვენ როცა ვსაუბრობთ გინდა ქართველებზე, გინდა სხვა მოძმე და განსაკუთრებით ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ებრაელებთან, მაგრამ ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ცოტა შენ გიჭირდა და ჩვენ ჩაგიხუტეთ, შენ უნდა გესმოდეს, რომ არ უნდა გააკეთო ასე, სულხან-საბას იგავივით, კუ და მორიელივით". – თქვა დეკანოზმა. 

მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, "ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა "ურწმუნო მოდგმად" შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდიული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონალური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც გამოეხმაურა.  TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

4 იანვარს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა საუბარი

ისრაელის ელჩმა, კათოლიკოს-პატრიარქის იუბილეს მილოცვისას, ასევე ისაუბრა ანტისემიტიზმზეც.

კომენტარები