ანტისემიტიზმი ეკლესიაში

TDI მეუფე საბას ქადაგებაზე: სასულიერო პირების ანტისემიტური განცხადებები საგანგაშოა

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ეხმაურება ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოს საბას (გიგიბერია) მიერ დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძარში წარმოთქმულ ქადაგებას, სადაც ის, ორგანიზაციის შეფასებით, მორიგ ანტისემიტურ განცხადებას აკეთებს. ეპისკოპოსმა ისაუბრა ისრაელში სოლომონის ტაძრის მშენებლობაზე, რაც, მისი თქმით, ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოებას ნიშნავს.

"სხვათა შორის, ასეთი ინფორმაციაც მოვიდა. ჩვენ შევეცადეთ ამის დაზუსტებას და ნაწილობრივ მივიღეთ ცნობა, რომ ეს სიმართლეა. ისრაელში დაიწყეს სოლომონის ტაძრის აშენება. ამას ახლა მიხვდებით ბევრი, რომ შემთხვევით არ ვამბობ, რომ ეს მოვლენა დაკავშირებული არის ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოებასთან. ასე რომ მოვასწროთ ბევრი კეთილი საქმე, სულიერი უფრო მეტი და მატერიალურიც. როგორც პატრიარქმა გვითხრა, ვიცხოვროთ ერთმანეთისთვის, ღვთის სიყვარულით, მოყვასის სიყვარულით და ჩვენც გადავრჩებით და ჩვენს ირგვლივ ათასები გადარჩებიან”. – თქვა ეპისკოპოსმა საბამ

მეუფემ ქადაგებისას ასევე აღნიშნა, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს.

"სხვას არაფერს ვიტყვი, ამაზე საუბარს მოვასწრებთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ შემოთავაზებული ვაქცინაციის დროს. მე გეტყვით, რომ მე არ ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას და თქვენ როგორც ისურვებთ, ისე გააკეთეთ". – თქვა მეუფე საბამ

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირების ანტისემიტურმა განცხადებებმა უკვე საგანგაშო ხასიათი შეიძინა. ასევე საყურადღებოა, რომ ამ დრომდე არც საპატრიარქოს და არც ხელისუფლებას გახშირებული ანტისემიტური განცხადებები არ შეუფასებიათ და დაუგმიათ.

ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საპატრიარქოს, რეაგირება მოახდინონ ეკლესიაში გახშირებულ ანტისემიტურ განცხადებებზე.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ეკლესიაში გახშირებულ ანტისემიტიზმთან დაკავშირებით და დაგმოს მსგავსი შინაარსის განცხადებები. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად დაგმონ ანტისემიტიზმი, ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები". – წერია TDI-ის განცხადებაში.


ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა 26 დეკემბერს ქადაგებაში ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც გამოეხმაურა.  TDI-მ დაგმო საეკლესიო ანტისემიტიზმი და, მათივე შეფასებით, იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

4 იანვარს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა საუბარი

ისრაელის ელჩმა, კათოლიკოს-პატრიარქის იუბილეს მილოცვისას, ასევე ისაუბრა ანტისემიტიზმზეც.

ლაშა ჟვანიას შესახებ დასმულ შეკითხვებს ქართული ოცნების ლიდერები გაექცნენ

კომენტარები