ოჯახური დანაშაული

ძმის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ახლოურს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ძმის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ახლოურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ გიორგი ახლოურს ძმის მკვლელობის განზრახვა და მოტივი არ ჰქონია. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ეს გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობა იყო და გიორგი ახლოურმა ძმის დაჭრის შემდეგ, სასწრაფოში ოთხჯერ დარეკა. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

პროკურატურის მტკიცებით კი, ბრალდებულმა 19 წლის ძმას დანა გულმკერდის არეში, "განზრახ მოკვლის მიზნით" ჩაარტყა.

"6 იანვარს, საღამოს საათებში, თბილისში, გ.ა-სა და მის ძმას მ.ა.-ს შორის მათსავე საცხოვრებელ სახლში კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც გ.ა.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მ.ა. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა გიორგი ახლოური 6 იანვარსვე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ვ ქვეპუნქტით წარედგინა. ეს გულისხმობს ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები