2012 წლის არჩევნები

კობახიძე: სააკაშვილს ძალაუფლების დათმობა ამერიკელი, ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

"სააკაშვილს ძალაუფლების დათმობა მხოლოდ ამერიკელი და ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია". - ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე სენატორი შაჰინის განცხადებაზე საუბრისას. შაჰინმა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მნიშვნელობაზე საუბრისას 2012 წლის საქართველო ახსენა. 

"მაშინ სააკაშვილს და მთლიანად ნაციონალურ მოძრაობას არ სურდა ძალაუფლების დათმობა, მათ ქვეყნის მასშტაბით სპეცრაზმი ჰყავდათ მობილიზებული და გახსოვთ, რომ რიგ შემთხვევებში, მაგალითად, ხაშურში, ისინი პირდაპირ შეიჭრნენ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში და ასეთი მობილიზაცია იყო აბსოლუტურად ყველა რაიონში.

საბოლოოდ მათ მოუწიათ ძალაუფლების დათმობა და შეხსენება იმისა, თუ როგორ იქცეოდა მაშინ სააკაშვილი, ანტისახელმწიფოებრივად. მას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ამერიკელი და უცხოელი ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა, ამის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმისთვისაც, რომ დღევანდელი პოლიტიკური პროცესები შევაფასოთ ჩვენს ქვეყანაში". - ამბობს ირაკლი კობახიძე იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ამერიკის დედაქალაქში კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებული არეულობის შემდეგ, კონგრესის განახლებულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სენატორმა შაჰინმა საქართველოზეც ისაუბრა

"არჩევნების მეორე დღეს, ჩვენ შევხდით პრეზიდენტ სააკაშვილს. ნათლად მახსოვს, მივედით მასთან სახლში, დავსხედით და ვისაუბრეთ იმაზე, რომ დემოკრატიის მთავარი ნიშანი, რისთვისაც პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში ის ბევრს მუშაობდა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა იქნებოდა იმისთვის, ვინც ამომრჩეველმა აირჩია. ამრიგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება. მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიები ყველგან, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე". - თქვა სენატორმა შაჰინმა. 

6 იანვარს აშშ-ს კონგრესი არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად და ახალი პრეზიდენტის გამოსაცხადებლად შეიკრიბა, თუმცა კონგრესის მუშაობა შენობაში შეჭრილმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა შეუშალეს. 

კაპიტოლიუმის შენობაში მოხდა დაპირისპირება, ისმოდა სროლის ხმაც, საბოლოოდ პოლიციამ გაათავისუფლა დემონსტრანტების მიერ დაკავებული სივრცეები შენობაში, გამოცხადდა კომენდანტის საათი, ადგილზე მივიდა ნაციონალური გვარდიაც. გუშინდელი დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. 

კომენტარები