კაპიტოლიუმში შეჭრა

სენატორი შაჰინი: ოლიგარქის გამარჯვების შემდეგ საქართველოში ძალაუფლების გადაცემა მოხდა

ამერიკის დედაქალაქში კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებული არეულობის შემდეგ კონგრესის განახლებულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას სენატორმა შაჰინმა საქართველოზეც ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმა ავრცელებს.

შაჰინმა ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის მნიშვნელობაზე საუბრისას 2012 წლის საქართველოს მაგალითი მოიყვანა. შაჰინი იხსენებს, რომ არჩევნების მეორე დღეს, მასთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა უნდა მომხდარიყო.

„მილიარდერი ოლიგარქის მიერ დაფუძნებულმა“ პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ეს აშშ-მ შეაფასა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. სენატორი შაჰინი იხსენებს, რომ არჩევნების მეორე დღეს, მასთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა უნდა მომხდარიყო",- თქვა ჯინ შაჰინმა.

შაჰინის თქმით, ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები გავლენას იქონიებს ახალგაზრდა დემოკრატიებზეც, რომლებისთვის აშშ მაგალითის მიმცემი იყო. „ის, რაც დღეს ხდება, არ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა, ეს ასევე არის ახალგაზრდა დემოკრატიების პრობლემა მთელ მსოფლიოში. როგორც სენატორმა რომნიმ თქვა, ჩვენ ისინი შემოგვცქერიან, როგორც მაგალითს, ჩვენ ვართ ბრწყინვალე ქალაქი ბორცვზე. ჩვენ მათთვის, ვინც ჩაგვრას უმკლავდება, უკეთესი მომავლის იმედი ვართ."

აშშ-ს კონგრესში საარჩევნო კოლეგიის ხმების სერტიფიკაციის პროცესი გაგრძელდა.

რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი კვლავ ცდილობს, ხელი შეუშალოს ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას. ისინი აპროტესტებენ სხვადასხვა შტატის საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემულ ხმებს და ითხოვენ კომისიის შექმნას, რომელიც არჩევნების გაყალბების საკითხს შეისწავლის, თუმცა ამისათვის, როგორც წარმომადგენელთა პალატის, ასევე სენატის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებათ და მათი ყველა მცდელობა ამ დროისთვის უშედეგოდ დასრულდა. წარმომადგენელთა პალატაში არიზონის შტატის ხმების გაპროტესტება 303 ხმით 121-ის წინააღმდეგ ჩავარდა, სენატში კი 93 ხმით 6-ის წინააღმდეგ. 92 ხმით 7-ის წინააღმდეგ ჩავარდა პენსილვანიის შტატის ხმების გაპროტესტება.

სენატორების ნაწილმა, რომელიც ამბობდა, რომ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიკაციას მხარს არ დაუჭერდა, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის შემდეგ პოზიცია შეიცვალა. მათ შორისაა ჯორჯიის სენატორი კელი ლოფლერი, რომელიც 5 იანვრას გამართული სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ კონკურენტთან დამარცხდა. პროტესტს მხარი არ დაუჭირა ტრამპის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიური მხარდამჭერმა ლინდსი გრემმაც.

"ერთადერთი, რის თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მე არ მიმათვალოთ. საკმარისია. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კანონიერად აირჩიეს და გახდებიან პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი 20 იანვარს". - თქვა მან.

ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ლოფლერი და ჯორჯიის კიდევ ერთი მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი არჩევნების მეორე ტურში დემოკრატ ოპონენტებთან მარცხდებიან. შედეგად, რესპუბლიკური პარტია სენატში უმრავლესობას კარგავს.

კომენტარები