კაპიტოლიუმში შეჭრა

ჯორჯ ბუში: ასე არჩევნების შედეგებს ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაავრცელა განცხადება , რომლითაც დედაქალაქ ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

"ასე არჩევნების შედეგებს ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. შეძრწუნებული ვარ არჩევნების შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უპასუხისმგებლო ქცევით და დღეს ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციების და სამართალდამცველების მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობით. კაპიტოლიუმზე ძალადობრივი თავდასხმა, კონგრესის კონსტიტუციით განსაზღვრული სხდომის ჩაშლა, ჩაიდინა იმ ხალხმა, რომელიც წააქეზეს ტყუილით და ცრუ იმედებით. ამბოხი დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მის რეპუტაციას. აშშ-ში ყველა პატრიოტი მოქალაქის ვალია კანონის უზენაესობის დაცვა. მივმართავ მათ, ვინც არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებულია: ჩვენი ქვეყანა მომენტის პოლიტიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. მიეცით საშუალება ხალხის მიერ არჩეულ ოფიციალურ პირებს, შეასრულონ თავიანთი საქმე და უსაფრთხოდ და მშვიდობიანად წარმოადგინონ ხალხის ხმა". - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის ბორცვზე შეკრებილ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს პოლიცია და ეროვნული გვარდია შლის. მათ ამისათვის ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

პოლიციის ინფორმაციით, კაპიტოლიუმის შენობა ამჟამად უსაფრთხოა. დააკავეს 20 ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდა, მომიტინგეთა ნაწილი დაშლაზე უარს ამბობს.

დონალდ ტრამპმა აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ მხარდამჭერებს მიმართა და სახლებში წასვლისკენ მოუწოდა . მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე:

"ვიცი თქვენი ტკივილი. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. დიდი უპირატესობით მოვიგეთ და ყველამ იცის ეს, განსაკუთრებით მეორე მხარემ. მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ. მშვიდობა უნდა გვქონდეს, კანონი და წესრიგი უნდა გვქონდეს. პატივი უნდა ვცეთ სამართალდამცველებს. არ გვინდა, რომ ვინმე დაშავდეს. ძალიან რთული პერიოდია. ასეთი დრო არასდროს ყოფილა, როდესაც ასეთი რამ მოხდა, და ჩვენ ყველას წაგვართვეს [არჩევნები], ეს გაყალბებული არჩევნები იყო, მაგრამ ვერ ვითამაშებთ ამ ხალხის სასარგებლოდ. მშვიდობა გვჭირდება. წადით სახლებში. გვიყვარხართ. ძალიან გამორჩეული ხალხი ხართ". - თქვა მან.

მანამდე გავრცელდა აშშ-ს პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის მიმართვა. მან კონგრესში შეჭრილებს ექსტრემისტები უწოდა და ტრამპს მოსთხოვა გაეკეთებინა საჯარო განცხადება.

კონგრესის შენობაში წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც მომიტინგეთა შეჭრის შემდეგ ჩაიშალა და კანონმდებლებმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვეს.

კონგრესს ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ტრამპის მხარდამჭერები ამას ეწინააღმდეგებიან. თავად ტრამპი დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს და კვლავ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს.

კომენტარები