საპატიო ლეგიონერის ორდენი

ოდიშარია ივანიშვილზე: ღირსებისა და სამშობლოს მსახურება უპირობოდ შეეფერება მის განვლილ გზას

ბექა ოდიშარია

ქართული ოცნების წევრი ბექა ოდიშარია ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენის მიღებას ულოცავს.

"დიდი მადლობა ემანუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ქართველი მეცენატის, პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის ღვაწლის დაფასებისათვის!

ამ ორდენის დევიზია "ღირსება და სამშობლო" - ორივეს მსახურება უპირობოდ  შეეფერება მის განვლილ ცხოვრებისეულ გზას და მოღვაწეობას მრავალი მიმართულებით.

მომავალშიც ვუსურვებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ნაყოფიერ საქმიანობას და საერთო გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ". - ამბობს ოდიშარია. 

ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის პირველ იანვარს საფრანგეთის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბრძანება 2020 წლის 31 დეკემბრით არის დათარიღებული. ლეგიონერის ორდენით დაჯილდოებულთა 63% ის ადამიანები არიან, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მასზე ნათქვამია, რომ ის არის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი.

ივანიშვილი პირველი ქართველია, ვინც ეს ტიტული მიიღო.

სხვადასხვა დროს ეს ტიტული მიღებული აქვთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ილჰამ ალიევის მეუღლეს, აზერბაიჯანის პირველ ლედისა და ვიცეპრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას, ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციების ჩახშობაში დადანაშაულებულ მმართველს, კერი ლამს, ნობელიატ აუნ სან სუ ჩის, რომელსაც მიანმარში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ გენოციდის დროს არასაკმარის მოქმედებაში ადანაშაულებენ. ორდენით დაჯილდოვდა, თუმცა მოგვიანებით ჩამოერთვა, რუმინეთის დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ.

ორდენი ჩამოართვეს ჰოლივუდის ცნობილ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინსაც სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ბრალდებების შემდეგ. ვაინშტაინის გარდა, კულტურის სფეროში მოღვაწე დაჯილდოებულ პირებს შორის არის ფრანგი მსახიობი, ამჟამად რუსეთის მოქალაქე ჟერარ დეპარდიე, რუსი რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი და სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა. 

წაიკითხეთ, ვინ არიან ის ოდიოზური პოლიტიკური მოღვაწეები, ვინც საფრანგეთის საპატიო ორდენით დაჯილდოვდა.

კომენტარები