საპატიო ლეგიონერის ორდენი

ზურაბიშვილი ივანიშვილს: თქვენი მეცენატობა სათანადოდ იქნა აღიარებული

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენის მიღებას ულოცავს. 

"გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საპატიო ლეგიონის ორდენოსანთა რიგებში. თქვენი წვლილი დემოკრატიის, ასევე, საფრანგეთ-საქართველოს შორის კავშირების განვითარებაში, თქვენი მეცენატობა და თბილისის ფრანგული სკოლის დაარსება სათანადოდ იქნა აღიარებული". – წერს ზურაბიშვილი. 

ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის პირველ იანვარს საფრანგეთის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბრძანება 2020 წლის 31 დეკემბრით არის დათარიღებული. ლეგიონერის ორდენით დაჯილდოებულთა 63% ის ადამიანები არიან, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მასზე ნათქვამია, რომ ის არის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი.

ივანიშვილი პირველი ქართველია, ვინც ეს ტიტული მიიღო.

სხვადასხვა დროს ეს ტიტული მიღებული აქვთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ილჰამ ალიევის მეუღლეს, აზერბაიჯანის პირველ ლედისა და ვიცეპრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას, ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციების ჩახშობაში დადანაშაულებულ მმართველს, კერი ლამს, ნობელიატ აუნ სან სუ ჩის, რომელსაც მიანმარში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ გენოციდის დროს არასაკმარის მოქმედებაში ადანაშაულებენ. ორდენით დაჯილდოვდა, თუმცა მოგვიანებით ჩამოერთვა, რუმინეთის დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ.

ორდენი ჩამოართვეს ჰოლივუდის ცნობილ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინსაც სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ბრალდებების შემდეგ. ვაინშტაინის გარდა, კულტურის სფეროში მოღვაწე დაჯილდოებულ პირებს შორის არის ფრანგი მსახიობი, ამჟამად რუსეთის მოქალაქე ჟერარ დეპარდიე, რუსი რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი და სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა. 

წაიკითხეთ, ვინ არიან ის ოდიოზური პოლიტიკური მოღვაწეები, ვინც საფრანგეთის საპატიო ორდენით დაჯილდოვდა.

კომენტარები