საპატიო ლეგიონერის ორდენი

წულუკიანი ივანიშვილზე: ორდენი გადაეცა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცენატს

POS TV

"ორდენი გადაეცა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცენატს". –პარლამენტის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ივანიშვილისთვის საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენის გადაცემას ეხმაურება. 

"ძალიან სასიხარულოა, რომ პრეზიდენტ მაკრონის მიერ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და 40-წლიანი, როგორც თავად ფრანგები უწოდებენ, უზადო და ღირსეული სამოქალაქო საქმიანობისთვის საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცენატს და ჩვენი ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ პრეზიდენტ მაკრონის დეკრეტში, რომ ამ ჯილდოს გადაცემა მოხდა საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრის და საფრანგეთის პრემიერმინისტრის წარდგინებით და ინიციატივით. 

ეს ჯილდო, როგორც ვიცით, ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ იქნა შექმნილი და მას შემდეგ გადაეცემა კაცობრიობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირებს. ეს საქართველოსთვის დიდი აღიარება და გამარჯვებაა. პირველ რიგში, საქართველოს მინდა მივულოცო ეს ჯილდო, და ასევე ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც როგორც საქართველოს, ისევე მსოფლიოს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ეს წვლილი დღეს საფრანგეთის სახელმწიფომ ღირსეულად  დააფასა". – ამბობს წულუკიანი. 

ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის პირველ იანვარს საფრანგეთის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბრძანება 2020 წლის 31 დეკემბრით არის დათარიღებული. ლეგიონერის ორდენით დაჯილდოებულთა 63% ის ადამიანები არიან, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მასზე ნათქვამია, რომ ის არის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი.

ივანიშვილი პირველი ქართველია, ვინც ეს ტიტული მიიღო.

სხვადასხვა დროს ეს ტიტული მიღებული აქვთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ილჰამ ალიევის მეუღლეს, აზერბაიჯანის პირველ ლედისა და ვიცეპრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას, ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციების ჩახშობაში დადანაშაულებულ მმართველს, კერი ლამს, ნობელიატ აუნ სან სუ ჩის, რომელსაც მიანმარში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ გენოციდის დროს არასაკმარის მოქმედებაში ადანაშაულებენ. ორდენით დაჯილდოვდა, თუმცა მოგვიანებით ჩამოერთვა, რუმინეთის დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ.

ორდენი ჩამოართვეს ჰოლივუდის ცნობილ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინსაც სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ბრალდებების შემდეგ. ვაინშტაინის გარდა, კულტურის სფეროში მოღვაწე დაჯილდოებულ პირებს შორის არის ფრანგი მსახიობი, ამჟამად რუსეთის მოქალაქე ჟერარ დეპარდიე, რუსი რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი და სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა. 

წაიკითხეთ, ვინ არიან ის ოდიოზური პოლიტიკური მოღვაწეები, ვინც საფრანგეთის საპატიო ორდენით დაჯილდოვდა.

კომენტარები