საპატიო ლეგიონერის ორდენი

ოდიოზური პოლიტიკური მოღვაწეები, ვინც საფრანგეთის საპატიო ორდენით დაჯილდოვდა

ბაშარ ალ ასადი, ვლადიმირ პუტინი, ნიკოლაე ჩაუშესკუ

ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის პირველ იანვარს საფრანგეთის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბრძანება 2020 წლის 31 დეკემბრით არის დათარიღებული. ლეგიონერის ორდენით დაჯილდოებულთა 63% ის ადამიანები არიან, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მასზე ნათქვამია, რომ ის არის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი.

წარსულში საპატიო ლეგიონერის ორდენით არაერთი ოდიოზური პოლიტიკური მოღვაწე დაჯილდოებულა. გთავაზობთ მათ მცირე ჩამონათვალს:

  • ვლადიმირ პუტინი - რუსეთის პრეზიდენტი. 2006 წელს მას ორდენი ჟაკ შირაკმა გადასცა.
  • ბაშარ ალ ასადი - სირიის პრეზიდენტი, რომლის მმართველობის დროს ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო და დღემდე გრძელდება. ასადის მთავრობას ადანაშაულებენ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში. მან ორდენი საფრანგეთს 2018 წელს დაუბრუნა მის წინააღმდეგ კოალიციური ძალების საჰაერო დარტყმების შემდეგ და თქვა, რომ "ამერიკელების მონების" ჯილდოს აღარ ატარებდა.
  • ნიკოლაე ჩაუშესკუ - რუმინეთის დიქტატორი, რომელიც 1989 წლის რევოლუციის დროს დაამხეს და მოკლეს. ჩაუშესკუს ორდენი ჩამოართვეს.
  • მანუელ ნორიეგა - პანამის დიქტატორი. მიუხედავად იმისა, რომ ნორიეგას თავად საფრანგეთის სასამართლომ მიუსაჯა პატიმრობა ნარკოტიკებით ვაჭრობის და ფულის გათეთრების გამო, ცნობილი არაა ჩამოერთვა თუ არა მას ორდენი.
  • ფულხენსიო ბატისტა - კუბის დიქტატორი
  • ჟან ბედელ ბოკასა - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამხედრო დიქტატორი, ცენტრალური აფრიკის თვითგამოცხადებული იმპერატორი.

  • კერი ლამი - ჰონგ-კონგის მმართველი, რომელსაც ჩინეთის პოლიტიკის გატარებაში და პროდემოკრატიული აქციების ჩახშობაში ადანაშაულებენ.

  • აუნ სან სუ ჩი - მიანმარის მმართველი, რომელსაც ქვეყანაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ გენოციდის დროს არასაკმარის მოქმედებაში ადანაშაულებენ

ხშირად მსგავსი პირების დაჯილდოება საჯაროდ არ ხდება და ინფორმაცია ორდენის გაცემიდან რამდენიმე წლის შემდეგ ხდება ცნობილი. საფრანგეთის მთავრობა ყოველთვის არ განმარტავს მათი დაჯილდოების მიზეზს. როგორც წესი, საფრანგეთის მოქალაქეები ორდენს სამშობლოსათვის გამორჩეული სამსახურის გამო იღებენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი იმ მიზნისათვის ბრძოლის გამო, რასაც საფრანგეთი მხარს უჭერს. ხშირად ჯილდოს გადაცემა დიპლომატიურ მიზნებს ემსახურება და სხვა ქვეყნების ლიდერებს ოფიციალური ვიზიტების დროს აჯილდოებენ.

კომენტარები