აშშ-ს არჩევნები

ვაშინგტონში კონგრესის სხდომის პარალელურად ტრამპის მხარდამჭერები აქციას გამართავენ

ტრამპის ასობით მხარდამჭერი უკვე იკრიბება დედაქალაქ ვაშინგტონში, სადაც 6 იანვარს, კონგრესის სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. დედაქალაქში მობილიზებულია ეროვნული გვარდია.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მომიტინგეებს შეუერთდება და აქციაზე, რომელსაც "მსვლელობა ამერიკის გადარჩენისთვის" უწოდეს, სიტყვითაც გამოვა.

6 იანვარს კონგრესის ორივე პალატა შეიკრიბება, რათა დაითვალოს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები და ოფიციალურად დაადასტუროს შედეგები. სხდომას ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი წარმართავს.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოლეგიამ უკვე გააკეთა არჩევანი და 306 ხმით არჩეულ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოცხადდა, რესპუბლიკური პარტიის კანონმდებელთა ნაწილი გეგმავს, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭიროს.

11 რესპუბლიკელი სენატორი, ტედ კრუზის მეთაურობით, ამბობს, რომ ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირებას ხმას არ მისცემს და მოითხოვს შედეგების დამტკიცების გადადებას 10 დღით, რათა ჩატარდეს აუდიტი საარჩევნო დარღვევების თაობაზე.

ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თქვა, რომ ამ ნაბიჯს მიესალმება.

იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო განცხადებას მხარს დაუჭერს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის თითო წევრი მაინც, მას 2 საათიანი განხილვა და კენჭისყრა მოჰყვება.

4-მა რესპუბლიკელმა სენატორმა, მათ შორის მიტ რომნიმ ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას მხარს დაუჭერენ. საარჩევნო კოლეგიის მიერ ხმის მიცემის შემდეგ ბაიდენის გამარჯვება აღიარა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა და პარტიის წევრებს მოუწოდა, არ გააპროტესტონ ბაიდენის გამარჯვება.

პენტაგონის ათმა ყოფილმა ხელმძღვანელმა გაავრცლა ერთობლივი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდებების გამოძიებაში სამხედრო ძალების ჩარევა საშიში, უკანონო და არაკონსტიტუციური იქნება.

კომენტარები