ირანი

ირანში მიიღეს კანონი, რომელიც მთავრობას ურანის გამდიდრების გაგრძელებას ავალდებულებს

ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის მთავრობას ურანის გამდიდრების პროგრამის გაგრძელებას ავალდებულებს და ამასთანავე, ბლოკავს ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე დაწესებულებებში გაეროს ინსპექტორების შეშვებას.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თქვა, რომ კანონის იმპლემენტაციას ეწინააღმდეგება. ის ამბობს, რომ ეს კანონი დიპლომატიისათვის დამაზიანებელი იქნება.

კანონის მიხედვით, მთავრობამ ურანი 20%-მდე უნდა გაამდიდროს. 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების მიხედვით, დასაშვები ლიმიტი 3.67% იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც შეთანხმება აშშ-მ დატოვა და ირანისათვის დაწესებული სანქციები აღადგინა, ირანმა შეთანხმების პირობების დარღვევა დაიწყო.

კანონის იმპლემენტაციამდე ირანი 2015 წლის შეთანხმების სხვა ხელმომწერებს 2 თვეს აძლევს იმისათვის, რომ სანქციების შემსუბუქებაზე იმუშაონ.

ამჯერად, კანონის მიღება გასულ კვირას ირანის ბირთვული პროგრამის წამყვანი მეცნიერის, "ირანის ბირთვული იარაღის მამად" წოდებული, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობას უკავშირდება. ირანი ფახრიზადეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელში ამ თემაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

ფიზიკის პროფესორი, ირანის რევოლუციური გვარდიის ოფიცერი, 2018 წელს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის დირექტორად დაასახელა. ნეთანიაჰუმ გაამჟღავნა, რომ ისრაელმა თეირანის საწყობიდან ამოიღო ირანის მასალების არქივი, რომელშიც დეტალურადაა ასახული ბირთვული იარაღის პროგრამაც. მაშინ ნეთანიაჰუმ თქვა - "დაიმახსოვრეთ ეს სახელი, ფახრიზადე". მას 2008 წელს აშშ-მ ირანის ბირთვულ პროგრამაში ჩართულობის გამო სანქციები დაუწესა.

საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორების დაშვება ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-მ შეთანხმება დატოვა და ირანს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა, ირანმა თანდათანობით შეთანხმების პუნქტების დარღვევა დაიწყო.

გასულ წელს ირანმა ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორს აკრედიტაცია გაუუქმა. მას ნატანზის ლაბორატორიაში, სადაც ურანის გამდიდრება ხდება, შესვლის უფლება არ მისცეს.

მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ გამოაცხადა, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმების პირობებიდან გამოსვლას გააგრძელებდა და 6 ნოემბერს ფორდოს ბირთვულ ლაბორატორიაში 1,044 ცენტრიფუგაში ურანის გაზის შეყვანას დაიწყებდა, ირანის ბირთვული პროგრამის დირექტორმა კი თქვა, რომ IR-6 ცენტრიფუგების რაოდენობა გააორმაგეს. ამ ტიპის ცენტრიფუგებს ურანის ათჯერ უფრო სწრაფად გამდიდრება შეუძლია, ვიდრე IR-1 ტიპის ცენტრიფუგებს. ირანელი მეცნიერები, ასევე, მუშაობენ IR-9 ტიპის ცენტრიფუგებზე, რომლებიც, მათი თქმით, 50-ჯერ სწრაფად იმუშავებს.

ამჟამად ირანი ურანს 4.5%-მდე ამდიდრებს. შეთანხმებით კი ლიმიტი 3.67% იყო. ბირთვული იარაღის შესაქმნელად 90%-მდე გამდიდრებაა საჭირო, თუმცა 4.5%-მდე გამდიდრება ირანს საშუალებას აძლევს, ბუშეჰირის ბირთვული რეაქტორი ამუშაოს.

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ეჭვს გამოთქვამდა, რომ ორ ლოკაციაზე ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობდა და ირანს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ იქ მათ დამკვირვებლებს არ უშვებდნენ.

მიმდინარე წლის აგვისტოში ირანი ქვეყნაში ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების შეშვებას დასთანხმდა, თუმცა ფახრიზადეს სიკვდილი და პარლამენტარების განცხადება შეთანხმების შესრულებას ეჭვქვეშ აყენებს.

კომენტარები