მიხაილო თოდუა

"თავდებში ვუდგები" - ჯარაფიძე თავის დაბადების დღეზე DJ მიხაილოს დასწრებას ითხოვს

ტაბულა

გირჩის დამფუძნებელი, ზურა ჯაფარიძე, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან იყო მისული, სადაც მოითხოვა, რომ DJ მიხაილოს თავის დღევანდელ საჯარო დაბადების დღეზე დასწრების უფლება მისცენ. მუსიკოსს საღამოს 7 საათიდან დილის 8 საათამდე გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვს.

"მინდოდა, რომ დღეს ღამეს ჩემთან ერთად ყოფილიყო ახალ წელს და ჩემს დაბადების დღეზე. პროცედურულად მინდოდა, რომ ეს მომეგვარებინა ისე, რომ ადამიანს პრობლემა აღარ შექმნოდა. თათია ხოჭოლავა არის დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელთან დაკავშირებას ვცდილობ რამდენიმე დღეა, დალაპარაკება მინდა და თხოვნა, რომ გამოუშვას მიხაილო, არ არის არც არანაირი კრიმინალი და არაფრის დამშავებელი ადამიანი, არც არსად გარბის, ესებუა ხო არ არის? მიხაილოა. ვერაფრით ვერ მოვიპოვე ტელეფონის ნომერი, მომცემს მისი სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტა, რომელზეც ორი დღის წინ მივწერე დიდი წერილი თხოვნით და პასუხი ვერ მივიღე. დღეს 31-ია და ღამე მაქვს დაბადების დღე და მოვაკითხე პრობაციის ეროვნულ ცენტრს, რომ იქნებ ფიზიკურად შევხვედროდი. დაახლოებით ნახევარი საათია, ველოდები და პასუხი არ მაღირსეს". - თქვა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მანდატის გაუქმებაზე განცხადება დაწერილი აქვს, ის ჯერ კიდევ ითვლება საქართველოს პარლამენტის წევრად და ამიტომ, DJ მიხაილოს თავდებში უდგება.

"31 დეკემბერის მონაცემებით, ჯერ კიდევ ვარ პარლამენტის წევრი და შემიძლია საჯაროდ ვთქვა, რომ თავდებში ვუდგები მიხაილოს, რომ არსად გამქცევი არ არის, მთელ ღამეს გაატარებს ჩემთან ერთად და დილით მივაცილებ სახლში". - თქვა ჯაფარიძემ.

მუსიკოსი, პროდიუსერი და დიჯეი, მიხაილო თოდუა, 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თოდუას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა თანხა ვერ გადაიხადა. მუსიკოსი მუშაობას საპატიმროშიც აგრძელებდა - გამოუყვეს ოთახი, რომელიც სტუდიად გადააკეთა და რამდენიმე ალბომიც გამოუშვა.

მიხაილო თოდუა გასული წლის 11 ოქტომბერს გაათავისუფლეს და მოსახდელი სასჯელი უფრო მსუბუქით - შინაპატიმრობით შეუცვალეს და ელექტროსამაჯური გაუკეთეს.

ოქტომბერში პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მიხაილოს პატიმრობაში დაბრუნება მოითხოვა, ამის მიზეზად სააგენტომ გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე დაკვრა დაასახელა და მუსიკოსის მიერ წარდგენილი სპეციალური ნებართვა ვალიდურად არ ცნო.

სასამართლომ მიხაილო თოდუას პატიმრობა არ მიუსაჯა, თუმცა გაუმკაცრა გადაადგილების შეზღუდვა - მას საღამოს 9 საათიდან დილის 8 საათამდე გადაადგილება შეეძლო, თუმცა ბოლო გადაწყვეტილებით ის სახლს საღამოს 7 საათის შემდეგ ვეღარ დატოვებს.

კომენტარები