მიხაილო თოდუა

მიხაილო: ვეღარ ვხვდები, მე რამე უფლებები საერთოდ შემრჩა?

MICHAILOSecretArea

მუსიკოსი მიხეილ თოდუა, იგივე Michailo, ფეისბუქზე ეხმაურება თბილისის პრობაციის ბიუროს მოთხოვნას, შინაპატიმრობის გაუქმებისა და მის მიმართ კვლავ საპატიმრო სასჯელის გამოყენების საკითხს:

"გამარჯობა მეგობრებო, როგორც გახსოვთ 2013 წელს დამაკავეს და 9 წლით გამიშვეს 12გრ მდმა-ს ფლობისთვის ციხეში, აქედან 6 წელი გავატარე პატიმრობაში და დარჩენილი 3 წელი შემეცვალა შინაპატიმრობით, რაც ნიშნავს, რომ დილის 8 სთ-დან საღამოს 9 სთ-მდე მაქვს სახლიდან გასვლის უფლება. განთავისუფლების შემდეგ მივმართე პრობაციის ბიუროს თხოვნით, მოეცათ უფლება მეწარმოებინა ჩემი პროფესიული საქმიანობა. პრობაციის სააგენტოსთან შევთანხმდი, რომ ყოველი სამუშაო დღის შემდეგ უნდა წარმედგინა შესაბამისი საბუთები. ერთი წელია, რაც შინაპატიმრობაში ვარ და ხან აქტიურად, ხან დროგამოშვებით მიწევდა მუშაობა. მთელი წლის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ 28 ივენთში მიმიღია მონაწილეობა და აქედან არა საპატიოდ მეთვლება დღე, როდესაც გირჩის მიერ ორგანიზებულ საღამოში დავუკარი და ასევე მის წინ ჩატარებული ღონისძიება. მიზეზი აღმოჩნდა 16 ოქტომბერს ძალაში შესული პრემიერის ბრძანება, რომელიც კრძალავს 22:00 შემდეგ თავშეყრას, გარდა საარჩევნო ღონისძიებისა. მიუხედავად იმისა, რომ 16 ოქტომბერს გამოიცა პრემიერის განკარგულება არც 13/14 ოქტომბერს და არც 17/18 ოქტომბერს არ მითვლიან საპატიოდ, მიუხედავად იმისა, რომ კანონიერი იყო ყველაფერი. ამ ლოგიკით გამოდის, როცა უნდათ, ჩამითვლიან საპატიოდ და როცა უნდათ, არა. ვეღარ ვხვდები მე რამე უფლებები საერთოდ შემრჩა? ან რა დავაშავე ასეთი, რომ მერვე წელია ვერ მოვიხადე სასჯელი?

დღეს მაქვს სასამართლო 2 საათზე, რომელიც გუშინ შემატყობინეს და სახაზინო ადვოკატიც დამინიშნეს, ისე, რომ არც არავის უკითხავს. პრობაცია ითხოვს ჩემს შებრუნებას ციხეში დარჩენილი 1 წელი და 10 თვე. ნორმალურ ქვეყანაში, ალბათ, სასამართლო საერთოდ არ დაკარგავდა მსგავსი საკითხის განხილვაში დროს, აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რას ველოდო ხვალ.

ვისაც გული შეგტკივათ და მთელი ამ წლების განმავლობაში გვერდით მედექით, თუ მიიჩნევთ საჭიროდ და მოხვალთ დღეს, 2 საათზე საქალაქო სასამართლოსთან ძალიან გამიხარდება, რადგანაც ჩემი თუ არ ცხვენია სისტემას, იქნებ თქვენი მაინც შერცხვეს.

მადლობა ყველას თანადგომისთვის". - წერია მის პოსტში. 

კომენტარები