მიხაილო თოდუა

გირჩის ღონისძიებაზე დაკვრის გამო პრობაცია DJ Michailo-ს ციხეში დაბრუნებას ითხოვს

https://www.electronicbeats.net/

პრობაციის ეროვნული სააგენტო მუსიკოს მიხეილ თოდუას, იგივე Michailo-ს, ციხეში დაბრუნებას ითხოვს. ინფორმაციას Facebook-ზე ნაჯა ორაშვილი ავრცელებს. 

ორაშვილი წერს, რომ ამის მიზეზი საარჩევნო კამპანიის დროს გირჩის ღონისძიებაზე დაკვრაა. 

სასამართლო პროცესი 11 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. 

19 ოქტომბერს გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, რომ მუსიკოსს, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფება, პრობაცია მიღება-ჩაბარების აქტს სთხოვს, რათა დაადასტუროს ნამდვილად გირჩის ღონისძიებაზე უკრავდა თუ არა. 

მუსიკოსი მიხაილო თოდუა პატიმრობიდან გასული წლის 11 ოქტომბერს გაათავისუფლეს.  

მიხეილ თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. საბჭომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. მიხაილოს ელექტროსამაჯური უკეთია. 

მუსიკოსი, პროდიუსერი და დიჯეი, მიხაილო თოდუა, 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თოდუას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა თანხა ვერ გადაიხადა. მუსიკოსი მუშაობას საპატიმროშიც აგრძელებდა - გამოუყვეს ოთახი, რომელიც სტუდიად გადააკეთა და რამდენიმე ალბომიც გამოუშვა.

კომენტარები