ანტისემიტიზმი ეკლესიაში

მინდიაშვილი: მოვუწოდებ საქართველოს საპატრიარქოს, დაგმოს ანტისემიტიზმი

აჭარის ტელევიზია

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე გუთათელ-გაენათელ მეტროპოლიტ იოანეს ანტისემიტური ქადაგების კრიტიკის საპასუხო წერილს ეხმაურება და წერს, რომ მეუფემ ქადაგების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. 

"როგორც მოსალოდნელი იყო, მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა გადაწყვიტა, უშუალოდ დეკანოზი ბასილ კობახიძე და მე ვართ იმაში დამნაშავე, რომ თვითონ ძირძველ, სამარცხვინო ანტისემიტიზმს ქადაგებს, რომელიც დღეს უმკაცრესადაა დაგმობილი ყველა ქრისტიანული ეკლესიის მიერ;

იგი ფიქრობს, ჩვენ ორნი ვართ იმაში დამნაშავე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები რეაგირებენ ანტისემიტზმზე. იგი ასევე წუხს, რომ მას პრორუსულობას დაუსაბუთებლად აბრალებენ". - დაწერა მინდიაშვილმა.

ბექა მინდიაშვილის აზრით,  საქართველოს საპატრიარქომ უნდა შეაფასოს მეუფის ქადაგება და დაგმოს ანტისემიტიზმი, საქართველოს ხელისუფლებამ კი ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას პოზიცია.

"მინდა, ახლო ხანში, ვრცლად და დასაბუთებულად გავცე პასუხი თავის მართლების მის უსუსურ, ისევ მრავალი შეცდომით სავსე მცდელობას, ხოლო მანამდე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მიტროპოლიტ იოანეს, ბოდიში მოიხადოს ანტისემიტური ქადაგების გამო.

ასევე, მოვუწოდებ საქართველოს საპატრიარქოს, შეაფასოს მისი ქადაგება და დაგმოს ანტისემიტიზმი.

გარდა ამისა, მოვუწოდებ საქართველო ხელისუფლებას, შეაფასოს ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას პოზიცია, რომელიც, ცდილობს, იოანე გამრეკელის გამართლებას და მისი ანტისემიტური პოზიციის გადაფარვას.

ანტისემიტიზმის ქადაგება დიდი ისტორიული, რელიგიური, მორალური ბოროტებაა, დაუშვებელია ამაზე გავჩუმდეთ და ის არ გავაპროტესტოთ!" - წერს მინდიაშვილი.

მეუფე იოანემ ბასილ კობახიძესა და ბექა მინდიაშვილს ანტისემიტიზმზე კრიტიკაზე წერილით უპასუხა. როგორც მეუფე იოანე წერს, კრიტიკა "ახალი შემოტევა" და "ორკესტრირებული თავდასხმაა". 

მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, "ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა "ურწმუნო მოდგმად" შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდიული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონლური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც (TDI) გამოეხმაურა.  TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა და "ებრაელების და სხვა ერების სიყვარული მან [მეუფე იოანემ] გამიძლიერა".  

"ლაშა ჟვანია მაგალითია, პირმოთნეობას როგორ მიჰყავს ადამიანი მკრეხელობის მორევში.

შეიძლება რომ რომელიმე ქვეყნის ელჩმა ისრაელში ანტისემიტიზმს დაუჭიროს მხარი? დიპლომატიის ისტორიაში მომხდარა ასეთი რამ? ჩვენ აქაც პირველები ვართ ისტორიაში, რადგან საქარველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია ქუთათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას ექომაგება. ლაშა ჟვანიას აფერისტობა კარგად იცის საზოგადოებამ. ამ სკანდალურ განცხადებასაც იმიტომ აკეთებს ჟვანია, რომ საპატრიარქოში რაიმე თანამდებობა დაიბევოს, რადგან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც გააგდებენ დიპლომატიური სამსახურიდან და აღარ მისცემენ საქართველოს სახელის შერცხვენის უფლებას". - დაწერა ბასილ კობახიძემ ჟვანიას საპასუხოდ.

 

კომენტარები