მე-10 მოწვევის პარლამენტი

ნათელაშვილი: ბიუჯეტს უკან გადავურიცხეთ 67 000 ლარი, ვითხოვთ დაიხარჯოს უფასო სასადილოებზე

ipress

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ დეპუტატის ხელფასზე უარი თქვა და ამასთან ერთად ბიუჯეტში უკან გადაურიცხეს 67 000 ლარი, რომელიც უნდა გაცემულიყო ე.წ. ხელფასებისათვის ნულოვან უბნებზე.

"სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ შობა-ახალი წელიც გადააქცია შიმშილის დღესასწაულად. რა დღეშია ხალხი, კარგად ვხედავთ. მე არა მარტო უარი ვთქვი ჩემს ე.წ. სადეპუტატო ხელფასზე, არამედ დღეს ლეიბორისტულმა პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა 67 000 ლარი, რომელიც უნდა გაგვეცა ე.წ. ხელფასებისათვის ნულოვან უბნებზე, ანუ უბნებზე, სადაც რეჟიმმა ურცხვად გაგვიყალბა არჩევნები, არ დაგვიწერა არცერთი ხმა, ან ჩვენმა წარმომადგენლებმა გვიღალატეს". - თქვა მან.

ნათელაშვილი ამბობს, რომ ასეთი უბნების დამკვირვებლები ხელფასს არ მიიღებენ:

"პარტიებს ჰყავთ წარმომადგენლები ყველა უბანზე. ასეთია 3 700 უბანი საქართველოში. ეს წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს და თუ ხმას არ დაიცავს თვითონ მაინც მოგვცეს ხმა. მიბრძანდნენ ჩვენი წარმომადგენლები რამდენიმე ასეულ უბანზე და წამოიღეს 0 ხმა. პირდაპირ ჩანს, რომ ხელისუფლებამ არა მარტო გააყალბა უბანი, არამედ ეს ნაძირალაც მოისყიდა, ვინც გაგზავნილი გვყავდა. მას ხელფასს ხომ არ გადავუხდით ხალხის შრომით გამომუშავებული ფულიდან. ჩვენ უარი ვუთხარით მათ ხელფასებზე, გამოვუცხადეთ რომ წავიდენენ და სასამართლოში იჩივლონ, თუ რაიმე პრეტენზია აქვთ". - თქვა ნათელაშვილმა.

ის ასევე მოითხოვს, ბიუჯეტში დაბრუნებული 67 000 ლარი უფასო სასადილოებს მოხმარდეს:

"მე მოვითხოვ ეს 67 000 ლარი დაიხარჯოს უფასო სასადილოების ბენეფიციართა გამოკვებაზე, რომლებიც წლებია ქრონიკულად შიმშილობენ". - თქვა მან.

სახელმწიფო ხაზინაში დეპუტატის ხელფასი გადარიცხა პარტია ევროპული საქართველო წევრმა ელენე ხოშტარიამაც. მოგვიანებით მან თქვა, რომ თანხა ისევ ჩაურიცხეს და კვლავ უკან დააბრუნა.

ამ დროისთვის ოპოზიციის 60 დეპუტატიდან დიდმა ნაწილმა უკვე ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი.

კომენტარები