ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის საშობაო წერილი: ეს შობა ყველასია

ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის საშობაო წერილი: ეს შობა ყველასია

ასეთ შობა-ახალ წელს პირველად ვზეიმობთ არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი სამყარო. ვირუსმა, რომლიც თვალით უხილავია და რომლის დასანახად მიკროსკოპია საჭირო, საფუძვლიანად შეაზანზარა მთელი დედამიწა. დაგვანახვა, როგორი მოწყვლადები ვყოფილვართ სინამდვილეში. მან არ გაარჩია მდიდარი და ღარიბი, ძლიერი და სუსტი, კარგად მყოფი და ავადმყოფი, მორწმუნე და ურწმუნო, რელიგიური ლიდერი და ერისკაცი. მან  სააქაოდან ნაადრევად გაისტუმრა უამრავი ადამიანი.

ამ პანდემიის თავისებურება ის არის, რომ ის მოდებულია არა ერთსა და ორ კონტინენტზე, არამედ მთელ დედამიწაზე. ჩვენ ჯერაც არ ვიცით, როდის ჩადგება ცხოვრება მწყობრში და როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ისეთ წესს, რომელსაც ახლა ნორმალურს ვეძახით: როცა პირველკლასელი ვირტუალურ სკოლაში კი არ მივა, არამედ ნამდვილად დაჯდება მერხთან; როცა ქრისტიანი, მუსლიმი, ებრაელი თუ ეზიდი მოძღვარი მრევლს პირისპირ შეხვდება; როცა ლექტორი და სტუდენტი ლექციას აუდიტორიაში მოისმენს და ჩაატარებს; როცა სასტუმროსა და რესტორნის მეპატრონე თავისუფლად გამოაღებს კარს და მიიღებს სტუმარს; როცა წვრილი მეწარმე აამუშავებს თავის საქმეს და იმედი ექნება, რომ ოჯახის რჩენის სადარდებელი აღარ ექნება...

როცა დიდი  განსაცდელი ეწვევა ადამიანს, მაშინ იცდება მისი ნამდვილი იდენტობა. განსაცდელს სააშკარაოზე გამოაქვს ადამიანისა და საზოგადოების ყველაზე უღირსი და ყველაზე ღირსეული თვისებები. ამ პანდემიის შემთხვევშიც ასე მოხდა: ადამინის საქციელი კარგიცა ვნახეთ და ავიც, უაღრესად უარყოფითიცა ვნახეთ და უაღრესად დადებითიც.

მე არა მჭირდება იმაზე ვრცლად ლაპარაკი, ცუდი რა გამოვლინდა ამ პანდემიის განმავლობაში თითქმის ერთი წლის მანძილზე. ეს ყველამ კარგად იცის. ჩვენ ვნახეთ ადამიანის მიმართ უსულგულო დამოკიდებულების უამრავი სამარცხვინო მაგალითი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში.

მე ძალიან ვწუხვარ, რომ სასულერო პირებმა და რელიგიურმა წრეებმა ყოველთვის ვერ გაამართლეს მოლოდინები, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ყველგან. იმის მაგივრად, რომ ისინი პირველები ყოფილიყვნენ, ვინც ყველას სიცოცხლის გაფრთხილებისკენ მოუწოდებდნენ, მათ ანტიმეცნიერული განცხადებებითა და კონსპირაციის თეორიების წახალისებით, სასიკვდილოდ გაიმეტეს და გაწირეს ის ხალხი, ვინც მათ ენდობოდა. შედეგები ყველგან სავალალოა...

პანდემიამ ბევრი კარგი თვისებაც გამოავლინა ადამიანში, რაზეც არ შეიძლება არ ვილაპარაკოთ, რათა ისე არ მოხდეს რომ ამ საშობაო საუბარში ბნელმა გადაწონოს ნათელი. იბნ ხალდუნი XIV საუკუნის მუსლიმი მეცნიერი იყო, რომელმაც ცივილიზაციათა ისტორიის კვლევისას მივიდა იმ  დასკვნამდე, რომ ცივილიზაციები ადამიანებივით იბადებიან და კვდებიან.  მისი დაკვირვებით ცივილიზაცია კვდება მაშინ, როდესაც ის კარგავს სოლიდარობის განცდას ადამიანის მიმართ. ‘ასაბია ასე ეწოდება იმ კონცეპტს, რომელიც სოციალურ სოლიდარობას და საზოგადოებრივ ჰარმონიას გულისხმობს. და მართლაც, ის ადამიანები, ვინც ემპათიისა და სოლიდარობის სამსახურში დგანან, აცოცხლებენ ჩვენს ცივილიზაციას. საბედნიეროდ, ისინი ცოტანი არ არიან, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვინც არაჩვეულებრივ საქმეებს ემსახურებიან.  ზოგს ვიცნობთ, ზოგს არ ვიცნობთ, მაგრამ მათი არსებობა ხალისსა იმედსა ჰმატებენ ჩვენს დროებას.

ფოკი ფაჩულია, ახალგაზრდა გოგონაა. თავისი მოწოდებით ის განმანათლებელია. ის ხელს უწყობს განათლებისა და  ცოდნის განვითარებას ახალგაზრდებში. მაგრამ, როცა ნახა, რომ ხალხს უჭირს, ფეისბუკის ზარები ჩამორეკა და გაჭირვებული ადამიანების დახმარების საქმეში გადაეშვა, თავის მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად. ამ წინებზე ვუსმენდი ფოკის აღტაცებულ საუბარს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმაურებიან მას  უცხო ადამიანები და თანადგომას სთავაზობენ გაჭირვებულების დახმარებაში. ფოკის მარტო ის არ აინტერესებს, რომ მშიერს ლუკმა გაუზიაროს და შიშველს ტანისამოსი ჩააცვას. მას უნდა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები განათლებას ეზიარონ.

გიგა მაქარაშვილის საქმიანობას ჩემი წარდგენა არა სჭირდება. გიგა აქტივისტად არის დაბადებული. ეს მისი ბუნებრივი ნიჭია და ამ ნიჭს დიდი მოწადინებით ახმარს საზოგადოების პროგრესს. ახლა, როცა გაჭირდა, ეს აქტივისტი კაცი გაჭირვებული ადამიანისადმი სოლიდარობის განცდამ ფართო გაგებით სოცმუშაკად აქცია.

ამ პანდემიის პირობებში ყველა გაგვახარა გაბრიელა როსკიპოვას გულმოწყალების ამბავმა. გაბრიელა ტრანსგენდერი ქალია და, როგორც კი დაინახა, რომ კოვიდი მძვინვარებს ქვეყანაში, ადგა და მედდად დაიწყო მუშაობა, ყველაზე საშიშ დროს - ყველაზე სახიფათო ადგილას, კოვიდით ინფიცირებული ადამიანების დასახმარებლად. დადის ასე გაბრიელა სრულად ეკიპირებული სამედიცინო შესამოსლით საავადმყოფოს დერეფნებში და სითბოსა და სიყვარულს უზიარებს ყველას.

ფოკი, გიგა, გაბრიელა და სხვა მრავალი ჩვენი დროის გმირები არიან, რომლებიც თვითონ წამითაც არ ფიქრობენ რომ გმირებია არიან. ალტრუიზმი ბედნიერებას ანიჭებს ამ ადამიანებს და ყველას, ვისაც სიყვარული და სითბო შეუძლია გასცეს და მიიღოს.

მიუხედავად პანდემიისა ჩვენს დროებაში ხშირად მოისმენთ და წაიკითხავთ მსჯელობას ინდივიდუალიზმისა და კოლექტივისმის შესახებ. რაც შეეხება ლიბერალობას, რომელიც ინდივიდუალიზმთანაა ასოცირებული,  ბევრნი ბრძოლას უცხადებენ მას. ადამიანის ლანძღვა ლიბერალობის ბრალდებით ჩვენში ილია ჭავჭავაძის დროს დავიწყეთ და დღემდე წარმატებით ვაგრძელებთ. ვისაც არ დაგვეზარება,  ვებსტერის ლექსიკონში შეგიძლიათ ჩაიხედოთ და ნახოთ რას ნიშნავს სიტყვა ლიბერალი: Liberal. ლექსიკონის მიხედვით ლიბერალს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: „ის, ვინც ფლობს და ამჟღავნებს თავისუფალი გულის ქონას; ის, ვინც გახსნილი გონებისაა; ის, ვინც თავისუფალია გონებაშეზღუდულობისგან, სიბნელისაგან და ძალაუფლებისა და მრწამსის მიმართ მონური მორჩილებისაგან; ადამიანი, ვინც ხელს უწყობს თავისუფალ ფიქრს,  სიტყვას და  მოქმედებას.“

ის, ვის შობასაც ჩვენ ახლა აღვნიშნავთ, სრულად მიესადაგება სიტყვა ლიბერალის ლექსიკონისეულ განმარტებას. თუმცა იესო გაცილებით მეტია, ვიდრე ლიბერალი. ის არის რადიკალური სიყვარულის მოძღვარი, საყოველთაო მეგობრობისა და სოლიდარობის მქადაგებელი, კოსმიური სიტყვა, რომელიც მოუწოდებს ადამიანს, თავისუფლად იფიქროს, თავისუფლად ისაუბროს და თავისუფალ იმოქმედოს, ოღონდ არა პირადი ამბიციების დასაკმაყოფილებლად, არამედ საყოველთაო სიკეთის დასანერაგად.

განკაცებული იესო მე მაძლევს თავისუფლებას იმისათვის, რომ  მიყვარდეს ადამიანი მისი რასობრივი, ეროვნული, გენდერული, რელიგიური თუ სექსუალური იდენტობის მიუხედავად.

იესო მე მაძლევს თავისუფლებას იმისათვის,  რომ, თუ მინდა, ვილოცო, თუ მინდა, არ ვილოცო.

იესო მე მაძლევს თავისუფლებას იმისათვის, რომ განვვითარდე და ჩემი შესაძლებლობები საერთო სიკეთეს მოვახმარო.

იესო მე მაძლევს თავისუფლებას იმისათვის, ვიზრუნო გაჭირვებულ ადამიანზე, ნაცემ ცხოველზე, ფრთამოტეხილ ჩიტზე...

იესო მე მაძლევს თავისუფლებას იმისათვის, ვიზრუნო ამ პლანეტაზე და მის ბინადრებზე, ბუნებაზე და კლიმატზე.

იესო მე მაძლევს თავისუფლებას იმისათვის, რომ ვიშრომო იმისთვის, რომ, ვისაც არა აქვს თავისუფლება, ის ამ თავისუფლებას ეზიაროს.

ამ შობა ღამეს ჩემი საშობაო სურვილი და ლოცვა ის არის, რომ ეს მრუმე წუთისოფელი გაანათოს ბეთლემში დაბადებული ყრმა იესოს შობის ამბავმა და ყველას მოგვცეს სოლიდარობის განცდა ამ სამყაროს თითოეული წევრის მიმართ.

ყველას გილოცავთ შობას, რომელიც მარტო ქრისტიანების დღესასწაული აღარ არის. ის ყრმა ჩვენი პლანეტის იმიდია და ეს იმედი ყველას ეკუთვნის.

მალხაზ სონღულაშვილი

თბილელი მიტროპოლიტი

 

მშვიდობის კათედრალი

24 დეკემბერი 2020

კომენტარები