მე-10 მოწვევის პარლამენტი

რა ჰკითხეს ოცნების დეპუტატებმა მათივე პრემიერობის კანდიდატს

მე-10 მოწვევის პარლამენტი

რა ჰკითხეს ოცნების დეპუტატებმა მათივე პრემიერობის კანდიდატს

ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა მათივე წარდგენილი პრემიერი და მთავრობა ერთხმად, ტაშით დაამტკიცა.

მთავრობისთვის უფლებამოსილების გამოცხადების დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატს ქართული ოცნების არაერთმა დეპუტატმა დაუსვა კითხვა. ნინო წილოსანის თქმით, "იმ მოცემულობაში, როცა გარკვეული უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების გამო გვიწევს აქ მხოლოდ ერთი პარტიის ფორმატში ოპონირება, ვალდებულები ვართ, უფრო კრიტიკულები ვიყოთ".

ამ კრიტიკის ნაწილში ნინო წილოსანმა მიწის რეფორმაზე დაუსვა კითხვა და უთხრა, რომ " არ მიმდინარეობს სათანადოდ". მისი თქმით,  "უფრო მეტი კონცენტრირება და ყურადღებაა საჭირო, ვერც ერთ რეფორმას ვერ გავაგრძელებთ, თუ არ გვექნება მიწის ფონდი და მისი კატეგორიზაცია".

"რა კონკრეტულ ნაბიჯებს და რა პასუხისმგებლობას იღებთ თუნდაც პარლამენტის წინაშე იმისთვის, რომ რეფორმა სათანადოდ განხორციელდეს?"

ქართული ოცნების ახალმა სახემ, ქეთი დუმბაძემ კი, კულტურის სფეროზე დაუსვა კითხვა გიორგი გახარიას. კერძოდ, მას აინტერესდებდა, "საქართველოს ევრიკავშირისკენ სავალ გზაზე რა ადგილი და როლი მიენიჭება კულტურას". მისივე თქმით, უდიდესი ზიანი მიადგა სახელოვნებო სფეროს ყველა შტოს.

"გვაინტერესებს, როგორ აისახება ახალ, კრიზისულ გეგმასა და ქვეყნის ბიუჯეტში პანდემიის შედეგად დაზარალებული ყველაზე მოწყვლადი სფეროს, კულტურის და შესაბამისად კულტურის მოღვაწეთა პრობლემები და საჭიროებები".

მმართველი გუნდის კიდევ ერთი ახალი დეპუტატი, ირინა ტალიაშვილი მთავრობის ახალგაზრდობის სააგენტოს გაძლიერების ინიციატივით გამოვიდა. 

"ქართველი ახალგაზრდობა არის ის ფლაგმანი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ხომ არ ფიქრობთ, რომ მთავრობის ახალგაზრდობის სააგენტოს გაძლიერების საჭიროება დგას, განსაკუთრებით, მისი საკოორდინაციო ფუნქცია, იმისთვის, რომ ახალგაზრდობის ინტერესების პრიორიტეტიზაცია მოხდეს მაქსიმალურად სხვადასხვა სექტორებში, იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკა თუ ნებისმიერი სხვა სექტორი.

მე გისურვებთ თქვენ წარმატებას, მთელ გუნდს ვუსურვებ დიდ წარმატებებს და ვფიქრობ, მთავრობის ეფექტიანი საქმიანობის გაგრძელება არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება".

ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ კი, პრემიერმინისტრობის კანდიდატს ჯანდაცვის სფეროში "სახელმწიფო კომპონენტის, სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერება" სთხოვა.

"ახლა ბიოლოგიურ შეტევას გავუძელით, ღმერთმა დაიფაროს, მოხდეს სტიქიური გამოწვევა, მოხდეს კიდევ სხვა კონფლიქტები, მედიცინას სჭირდება სახელმწიფოს გვერდზე დგომა.

როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერების სტრუქტურულ კომპონენტზე, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საკადრო პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ პოტენციური პაციენტები ვართ ყველანი, ამიტომ, მედიცინაში ფული უნდა ჩაიდოს არა გაკეთებულ საქმეში, არამედ, გასაკეთებელ საქმეში, ეს გასაკეთებელი საქმე შეიძლება ბევრი ჰქონდეს მედიცინას".

გთავაზობთ კითხვების და წინადადებების ნაწილს, რომლითაც ქართული ოცნების დეპუტატებმა გიორგი გახარიას მიმართეს.

ელისო ბოლქვაძე

"მე მაქვს ერთი შეკითხვა, რაც შეეხება კულტურულ დიპლომატიას.  

განიხილავთ თუ არა მომავალი 4 წლის განმავლობაში კულტურული დიპლომატიის როლს ქვეყნის განვითარებაში. თუ არსებობს მთავრობის გეგმა, ან თუ გეგმავთ ამ მხრივ მუშაობას?"

გიორგი ამილახვარი

"ჩვენი ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს განათლების მისია? როგორი პიროვნების აღზრდა გვსურს ჩვენ, რათა მთლიანად განათლების რეფორმის შედეგად მივიღოთ ის, რაც გვსურს"

ირაკლი მეძმარიაშვილი

"საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დააანონსა ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება, ჩვენმა სპორტსმენებმა დაიწყეს უკვე მზადება, მათ გარდა, ამ მზადებაში მონაწილეობს სამედიცინო სტაფი... ამ ფონზე ძალიან აქტუალური და სასარგებლო იქნება სპორტული მედიცინის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა, მისი არქონა ცოტა ხანში ისე იზამს, რომ ვერ დავეწევით რიგ ქვეყნებს, რომლებსაც ვასწრებდით ყველანაირი შედეგით და მედლებით...

ჩემი თხოვნაა, 2021 წელს მოვემზადოთ აქტიურად, ყველანაირად ჩავრთოთ ჯანდაცვის, განათლების და სპორტის, ფინანსთა სამინისტროები, მოვამზადოთ ყველანაირი დოკუმენტაცია, 2022 წელს გავითვალისწინოთ ბიუჯეტში და დავიწყოთ მისი მშენებლობა, რამეთუ 2024 წელს კიდევ იქნება ოლიმპიადა, დოპინგლაბორატორიის და დიდი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ძალიან გამოგვადგება სპორტსმენებს".

ალექსანდრე მოწერელია

"ყველასათვის ცნობილია სახელმწიფოს წარმატება ფაროსანასთან ბრძოლაში. ასევე, თქვენი დიდი წვლილი, ფერმერთა ასოციაციისთვის დახმარების გაწევის [შესახებ] - შესაწამლი აპარატებით, ტრენინგებით და ჩვენ წელს მივიღეთ გარანტირებული მოსავალი.

ამ პანდემიის, ეკონომიკური კრიზისის დროს, უკვე ექსპორტირებულია 13 000 ტონა, რაც დაახლოებით შეადგენს 80 მლნ დოლარს, ჩვენი რეგიონისთვის და არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონისთვის, გურიისთვის, იმერეთისთვის, აჭარისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ფაროსანასთან ბრძოლის გაგრძელება, ვინაიდან ეს პრობლემა ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, შევძლებთ თუ არა ჩვენ ამ პირობებში გავაგრძელოთ ეს პროგრამა და რა მასშტაბით?".

ბექა დავითულიანი

"უკანასკნელი დღეების მანძილზე მოვისმინეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი აქცენტები მინისტრობის კანდიდატების მხრიდან. მე მაინტერესებს, როცა დადგება პოსტპანდემიური პერიოდი, კონკრეტულად რა კონკურენტული უპირატესობა გვაქვს ჩვენ, როგორც ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს, ამ ვითარებაში და ამის პარალელურად თუ გვაქვს რაიმე კვლევა ჩატარებული რეგიონების პოტენციალის გამოსავლენად, რომ ვაქციოთ ესენი საინვესტიციო პაკეტებად და პროაქტიულად შევთავაზოთ პოტენციურ ინვესტორებს?

სხვაგვარად, მე მგონია, რომ ორდინალური მიდგომებით გაგვიჭირდება მოზიდვა იმ თანხების, რაც დასჭირდება როგორც პოსტპანდემიური პერიოდიდან კრიზისიდან გამოსვლას, ასევე გაგვიჭირდება ევროკავშირში განაცხადების გაკეთებისთვის იმ ეკონომიკური მაჩვენებლების დაფიქსირება, რაც სჭირდება ამას".

გიორგი ხელაშვილი

"შექმნილი ვითარება გეოპოლიტიკურად მოითხოვს სულ უფრო სწრაფ სვლას დასავლეთისაკენ, რადგან ასე თუ ისე ჩვენმა მთავრობამ შეძლო რეგიონალური მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება სწორად დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის წყალობით და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით. მაგრამ ეს შეიძლება მომდევნო ოთხ წელიწადში არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ დაჩქარებულად წავიდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, გაქვთ თუ არა რაიმე შეთავაზება, ახალი იდეა, რომელზეც, ფიგურალურად რომ ვთქვათ, დასავლეთი უარს ვეღარ იტყვის, ჩვენი ინტეგრაცია ამით შეუქცევადი გახდება და უფრო დაჩქარდება?"

გოგი მეშველიანი

"ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარია სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულით, რომლის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის შემთხვევაში შესაძლებელია, ქვეყნის ეკონომიკამ მიიღოს მნიშვნელოვანი სარგებელი.

თქვენ, როგორც ქვეყნის მომავალ პრემიერმინისტრს, როგორ გესახებათ ამ სექტორის მომავალი და, თქვენი აზრით, რა არის გასაკეთებელი, რათა სრულად და  პასუხისმგებლიანად იქნას ათვისებული არსებული რესურსები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება მივაღწიოთ იმას, რომ ამ პროცესში ადგილობრივი საზოგადოებების, თემების კანონიერი ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული"

მაია ბითაძე

"პირველ რიგში, ბატონო გიორგი და თქვენს მთელ გუნდს, მინდა, წარმატება გისურვოთ, რადგან ქვეყნის მართვა გიწევთ ნამდვილად ძალიან რთულ პერიოდში, სავსე გამოწვევებით, რომ არაფერი ვთქვათ რადიკალურ და ხშირ შემთხვევაში არაკონსტრუქციულ ოპოზიციაზე, რომელიც საერთოდ სხვა საკითხებზეა ორიენტირებული და არ ფიქრობს იმ რეალურ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს, როგორც ეკონომიკური პრობლემების გადალახვის, ასევე ქვეყნის შემდგომი განვითარების კუთხით, მათ შორის, ხშირად საუბრობენ რაღაც ევროპულ მიმართულებაზე, მაგრამ ეს როგორ კეთდება, ამას არ გვთავაზობენ"

კახა კახიშვილი

"გლობალურად გადასაწყვეტი თემაა საბანკო აპარატებთან დაკავშირებით, შორსაა განლაგებული ეს აპარატები და ძირითადად მეტროებთანაა, ფაქტობრივად, ყველა პენსიონერი წუხს, რომ ისედაც ასაკში არიან და ძალიან შორი გზაა გასავლელი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში,  ამ საკითხის მოწესრიგებაზეა საუბარი და, ამავდროულად, თვითონ საპროცენტო განაკვეთებზე"...

..."იქნებ რამე გეგმა გვქონდეს ჩვენ ქუჩის სპორტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მერია ძალიან ბევრ სკვერს და სტადიონს აშენებს თბილისის უბნებში, მაგრამ ცუდი არ იქნება, თუ ამავდროულად ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება. არ არსებობს, სადაც არის სკვერი და სტადიონი, იმ კორპუსში ერთი მწვრთნელი არ ცხოვრობდეს და რაღაც სიმბოლური თანხით თავის ბავშვებს ამეცადინებდეს საღამოობით. ეს იქნება კარგი და, მე ვფიქრობ, უფრო მეტ ტალანტს აღმოვაჩენთ"...

შოთა ხაბარელი

"მე ვფიქრობ, რომ სპორტი ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა გახდეს ხელისუფლებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ სპორტს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. სპორტი გახლავთ საუკეთესო საშუალება იმ დაავადებების პრევენციისა, რომელიც არის მომრავლებული ჩვენს ქვეყანაში. სპორტი არის სტაბილურობის გარანტი".

კომენტარები