ჩინეთი

ო'ბრაიენი: ის, რაც ჩინეთში, სინძიანგში ხდება, გენოციდთან ახლოსაა

MEM

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, რობერტ ო'ბრაიენმა, განაცხადა, რომ ის, რასაც ჩინეთი, სინძიანგში ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ სჩადის, გენოციდთან ახლოსაა.

"თუ არა გენოციდი, ის რაც სინძიანგში ხდება, არის რაღაც ამასთან ახლოს". – ო'ბრაიენმა ჩინეთის მთავრობის ქმედებებზე საუბრისას ასევე აღნიშნა ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული მოძრაობის დარბევა.

აშშ სინძიანგში ჩინეთის მთავრობის ქმედებებს უიღურებისადმი და სხვა ეთნიკური უმცირესობისადმი გმობს. აშშ-ს პეკინის ქმედებები ამ დრომდე არ დაუხასიათებია, როგორც გენოციდი. მსგავს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება და ეს ჩინეთისადმი მეტად მკაცრ საპასუხო ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

გაეროს შეფასებით, სინძიანგში მილიონზე მეტი მუსლიმია დატყვევებული, აქტივისტები ამბობენ, რომ ის, რასაც პეკინი ჩადის, არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული და გენოციდი. 

ო'ბრაიენმა აშშ-ში გამოგზავნილი მრავალი ადამიანის თმების პროდუქტის მაგალითიც მოიხმო, რაც სინძინაგიდან იყო - "ჩინელები უიღურ ქალებს თმებს პარსავენ, თმების პროდუქტს აკეთებენ და ამას აშშ-ში გზავნიან". 

2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიურის წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სინძიანგში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "საუკუნის ლაქას" უწოდებს.

კომენტარები