არჩევნები 2020

დეგნანი შეთანხმებაზე: გვინდა, ვნახოთ გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება და გამბედაობა

აშშ-ის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის თქმით, ოპოზიციურ პარტიებსა და ქართულ ოცნებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში არ არის შესული და მისთვის იმედის მიმცემია, რომ 9 პარტია ერთმანეთთან საუბრობს და ეძებს გზას წინსვლისთვის.

"არ ვიტყოდი, რომ ჩიხია, არ დაგეთანხმებით ამ ტერმინის გამოყენებაში. ვნახე, რომ იყო ნამდვილი სურვილი ჩართულობისა და გამოსავლის მოსაძებნად, პოზიციებს შორის დიდი სხვაობის მიუხედავად. ჩემთვის იმედის მომცემია, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული მიზნის მქონე 9 პარტია ჯდება მაგიდასთან, ერთმანეთს უხსნის საკუთარ შეხედულებებს და ეძებს არჩევანს, რომელიც შეიძლება იყოს გზა წინსვლისთვის". – თქვა დეგნანმა.

კელი დეგნანი გიორგი თარგამაძესთან საუბრისას ამბობს, რომ ის დარწმუნებულია, პოლიტიკური პარტიები საკუთარ ინტერესებზე მაღლა საქართველოს ინტერესებს დააყენებენ და გადაწყვეტილების მიღებისკენ ნაბიჯს გადადგამენ.

"ახლა ჩვენ გვინდა, ვნახოთ პოლიტიკური ნება, პოლიტიკური გამბედაობა გადაწყვეტილების მიღებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად. დარწმუნებული ვარ, პარტიები ამას გააკეთებენ, პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ საქართველოს ინტერესებს და გადაწყვეტილებას მიიღებენ - ესაა ის, რისი გაკეთებაც დასჭირდებათ პარლამენტში, როდესაც პარლამენტი იქნება მრავალფეროვანი, პარტიებმა უნდა ილაპარაკონ, მათ უნდა იპოვონ, თუ აქვთ საერთო ინტერესები და იმუშაონ საქართველოს მომავლისთვის, მათ შორის რეფორმებზე, რომელიც აუცილებელია ქართული დემოკრატიის გასაუმჯობესებლად". – თქვა დეგნანმა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში ინტერვიუს დროს საარჩევნო რეფორმაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია ყველა წევრის პარლამენტში ყოფნა, რათა საკონსტიტუციო ცვლილება შედგეს.

"იმედის მომცემი იყო ისიც, რომ ამ პარტიებმა შეათანხმეს საარჩევნო რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალში არჩევნებზე აღარ იქნება ისეთი დარღვევები, რომლებიც წარსულში ბევრი წლის განმავლობაში ვლინდებოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ დაიგეგემება არჩევნები იმავე სისტემით, რომელიც ადრე არ მუშაობდა კარგად, მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ყველა წევრი იყოს პარლამენტში, მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება და იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტის შიგნიდან. არსებობს დემოკრატიული ფორმატი, ახლა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს სჭირდებათ, გამოიყენონ ეს ფორმატი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად". – თქვა დეგნანმა.

 

კომენტარები