თერგის ბაზრობის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება.
ისინი ამბობენ, რომ თუკი დიდი სავაჭრო ცენტრებისთვის მუშაობა ნებადართული იქნება, მათაც უნდა მიეცეთ ბაზრობის გახსნის შესაძლებლობა. მათი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება უსამართლოა.
"ისიც არ ვიცით, რამდენი ხანი ვიქნებით დაკეტილები. ჩვენთვის ერთი კვირით გახსნა ძალიან დიდი შეღავათი იყო". – ამბობს მოვაჭრე ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში.
"პირობას ვდებთ, რომ უსაფრთხოების ყველა რეგულაციას მაქსიმალურად დავიცავთ. ვფიქრობ, რომ თუ სხვა სავაჭრო ობიექტები იხსნება, ჩვენ პირველ რიგში უნდა გავიხსნათ, რადგან არაა მთლიანად დახურული სივრცე, მოლებისგან განსხვავებით და ჩვენთან უფრო ნაკლებია ვირუსის გავრცელების საშიშროება". – ამბობს თერგის თანამშრომელი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები, თუმცა ბაზრობები არ გაიხსნება.
რა იხსნება და რა არა 24 დეკემბრიდან წაიკითხეთ აქ.