ახალი კორონავირუსი საქართველოში

ცქიტიშვილი: 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სავაჭრო ობიექტები იფუნქციონირებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის ცნობით, დიდ ქალაქებში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში, 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული წესების დაცვით იფუნქციონირებენ. ამის შესახებ ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები არ შემსუბუქდება იმ მასშტაბით, როგორც იყო დაგეგმილი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

  • მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე;
  • მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:
  • მაღაზიის ფართის ყოველ 20მ დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი
  • მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
  • ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;
  • ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები;
  • ამასთან, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ;
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით;
  • ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები;
  • აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას;
  • ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.

კომენტარები