კელი: როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს კავკასიაში რუსული ოკუპაციის დამტკიცების მილოცვა?

საქართველოს პარლამენტი

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი საკუთარ Twitter-ზე მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

"როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამტკიცებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?" - წერს ის.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთიანი ყარაბაღის ომში ფასილიტატორ რუსეთს მადლობა გადაუხადა.

"ახალი ეპოქა იწყება კავკასიაში. მე ვულოცავ ჩვენ მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებისთვის და მადლობა ყველა ფასილიტატორს. ჩემი თანაგრძნობა მსხვერპლის ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ კავშირის ახალ თავს ერთად ვიწყებთ". – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

10 ნოემბერს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობო ძალების განლაგება უკვე დაიწყო.

შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს. შედეგად, აზერბაიჯანი იტოვებს ყველა იმ ტერიტორიას, რაც 27 სექტემბრის შემდეგ აიღო, მათ შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში სიდიდით მეორე ქალაქ შუშას. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს აღდამის მხარეში დაკავებული ტერიტორიები, ქალბაჯარის და ლაჩინის რეგიონები. თუმცა, დარჩება ლაჩინის დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის დაკავშირებას სომხეთთან.

ასევე, სომხეთმა უნდა უზრუნველყოს აზერბაიჯანის სატრანსპორტო კავშირი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ტრანსპორტს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ორგანოები გააკონტროლებენ. რუსი სამშვიდობოები ფრონტის ხაზის და ასევე მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან.

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით წაიკითხეთ აქ.

კომენტარები