დონალდ ტრამპი

ტრამპის ახალი ბრძანება: აშშ-ში აშენებული ყველა სამთავრობო შენობა ლამაზი უნდა იყოს

დონალდ ტრამპი

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან ყველა სამთავრობო შენობა, რომელიც ქვეყანაში აშენდება ლამაზი უნდა იყოს. ბრძანების მიხედვით, სასურველია ასეთი შენობები აიგოს ბერძნულ, რომაულ ან სხვა მსგავს სტილში.

აღმასრულებელი ბრძანების ტექსტში ვკითხულობთ, რომ ბევრ სამთავრობო შენობას უკვე დაეტყო ბოლო საუკუნის "ბრუტალიზმის" ნიშნები და სასურველია, რომ მთავრობის შენობები ამერიკის საყვარელ ღირსშესანიშნაობებს წააგავდეს, მათ შორის თეთრ სახლს.

"ახალი ფედერალური შენობების დიზაინი, ისევე, როგორც ამერიკის ძვირფასი ღირსშესანიშნავი შენობების, უნდა ალამაზებდნენ საჯარო სივრცეებს, შთააგონებდნენ ადამიანებს, აკეთილშობილებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, იწვევდნენ პატივისცემას მოსახლეობაში, როგორც რეგიონის შესაფერისი, დაფასებული არქიტექტურული მემკვიდრეობა". – ნათქვამია ბრძანებაში.

ბრძანების მიხედვით, შეიქმნება ახალი საბჭო, რომელიც პრეზიდენტს სამთავრობო შენობების თაობაზე რჩევებს მისცემს. ბრძანება იძლევა რეკომენდაციას, წახალისებული იყოს სამთავრობო შენობებში კლასიკური არქიტექტურული სტილის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ბრძანების პირველ გასაჯაროებულ ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ სამთავრობო შენობების აგებისას თანამედროვე დიზაინის გამოყენება აიკრძალებოდა, თუმცა კრიტიკის შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.

ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტში ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და თქვეს, რომ არასწორია, მთავრობამ არქიტექტორებს თავს მოახვიოს მსგავსი შეზღუდვები.

თეთრი სახლის წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც ამერიკელების უმეტესობა უპირატესობას სწორედ კლასიკურ დიზაინს ანიჭებს.

კომენტარები