აფრიკის დასახლება

ადვოკატი ჩანგელიებზე: ბინის გასაღებიც არ აქვთ, კორპუსში ჯერ არავინ შესახლებულა

ტაბულა

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების ოჯახზე დევნილთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.  

დევნილთა სააგენტოს მტკიცებით, ჩანგელიების ოჯახს ზუგდიდში სამოთახიანი ბინა 14 დეკემბერს გადასცეს

როგორც არგანაშვილი წერს, გიგი ჩანგელიას ოჯახს ზუგდიდში გადაცემული ბინის გასაღებიც არ აქვთ და, მათივე ინფორმაციით, ამ კორპუსში ჯერ არავინ შესახლებულა.

"ვინაიდან ამ ოჯახს არ ჰქონდა საცხოვრებელი მთელი ეს პერიოდი, ამიტომ ააშენეს ნაგავსაყრელზე სახლი და ამაში შშმ პირთა პენსიის წინასწარგამოტანილი სესხი გამოიყენეს. მათ ამ სესხის აღება და საჭმლის ნაცვლად სახლის აშენება არ მოუწევდათ, ეგ ბინა დროულად რომ გადაგეცათ. მათი მთავარი მოთხოვნაც ესაა, სესხი, რაც სახლის აშენებაში გადაიხადეს, დაუბრუნოთ და სანამ ზუგდიდის გასაღები არ ექნებათ, ქუჩაში არ დატოვოთ.

შშმ პირთა პენსია ადამიანებს იმისთვის აქვთ დანიშნული, რომ საჭმელი ჭამონ და არა ნაგავსაყრელზე სახლები აშენონ. თქვენ კი ადამიანების საჭმლის ფულით აშენებულ სახლებს ბულდოზერები არ უნდა ურტყათ". – წერს ანა არგანაშვილი.  

როგორც ჩანგელიას დედა, კესო მანდარია ტაბულასთან საუბარში ამბობს, ოჯახი 28 წელია, ბინას ელოდება. მისივე თქმით, ქირის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ამიტომ აფრიკის დასახლებაში სახლი ააშენეს. 

"განაცხადი შევიტანე, რომ გამოიკვლიონ, მაქვს თუ არა საცხოვრებელი ფართი. არ მაქვს - არც აგარაკი მაქვს და არც მიწა. არაფერი არ მაქვს. ქირით რომ ვერ გადავდიოდით, ავიშენეთ ეს სახლი, აქ ვცხოვრობთ. ახლა გვეუბნებიან, დაშალეთ ეს სახლიო, სად უნდა გადავიდეთ? არ გვაქვს გადასასვლელი. 

დევნილები ვართ. 28 წელია, ველოდებით ბინას. საახალწლოდ გვპირდებიან, ფართი ნამდვილად არ მაქვს". - ამბობს კესო მანდარია.  

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის გიგი ჩანგელიას სახლის ნგრევის შეწყვეტისთვის სასამართლოს 18 დეკემბერს მიმართა. გუშინ, 19 დეკემბერს, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოს აშენებული შენობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. 

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელობა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტიანი სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და დასძინა, "დავამთავროთ ეს უმსგავსობა".

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები