კორონავირუსი საქართველოში

მლნ მოსახლეზე ინფიცირებით საქართველომ სომხეთსაც გაუსწრო და მსოფლიოში მე-10 ადგილზეა

Shutterstock

საქართველომ 1 მილიონ მოსახლეზე Covid-ინფიცირების რიცხვით სომხეთსაც გაუსწრო და მსოფლიოს 220 ქვეყანას შორის მე-10 ადგილზეა

19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსის 51 914 დადასტურებული შემთხვევა აქვს, სომხეთს - 51 646. რაც შეეხება ჯამურ რაოდენობას, საქართველოში კორონავირუსის 206 907 შემთხვევაა, ხოლო სომხეთში - 153 173.

გარდა ამისა, თვეზე მეტია, საქართველო მილიონ მოსახლეზე ინფიცირების რიცხვით უსწრებს იტალიას, პოლონეთს, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, რუსეთს, უკრაინას, გერმანიას, თურქეთს, აზერბაიჯანს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და სხვ. ამ მონაცემით საქართველოზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ანდორას, ლუქსემბურგს, მონტენეგროს, სან მარინოს, ჩეხეთს, საფრანგეთის პოლინეზიას, აშშ-ს, ბელგიას და ბაჰრეინს აქვთ.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, ოფიციალური მონაცემებით, საქართველო მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მე-40 ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, საბერძნეთი, თურქეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ირანი, ისრაელი, უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვ.  

19 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 206 907 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 175 842 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 055 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები