არჩევნები 2020

ბოკერია: ოპოზიცია ამ სახიფათო რეჟიმთან მოლაპარაკებების გაგრძელებას აპირებს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიცია მზადაა და აპირებს, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მოლაპარაკებების გაგრძელებას ქართულ ოცნებასთან. ბოკერიას თქმით, მათ მმართველ გუნდს უკვე შესთავაზეს რამდენიმე კომპრომისი და ოპოზიციის მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება.

"ამ გზით წასვლა ავტომატურად ნიშნავს, რომ ისინი [ქართული ოცნება], ამ ეტაპზე,  მოლაპარაკებების ჩაშლას გეგმავენ, ოღონდ ეს მათ უნდა გააკეთონ, თუ აკეთებენ და თავადვე აიღონ პასუხისმგებლობა ასეთ ნაბიჯზე.

ოპოზიცია ამ სამარცხვინო რეჟიმთან, რადგანაც ასეთი სახიფათოა, გააგრძელოს მოლაპარაკებები, რათა ქვეყანას ააცილოს მეტი შარი. ჩვენ რამდენიმე კომპრომისი უკვე გვაქვს შეთავაზებული ხელისუფლებისთვის, ოღონდ ყველა ეს კომპრომისი იმ ქოლგის ქვეშაა, რასაც ჰქვია ნორმალური არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემაში და ადმინისტრაციაში ფუნდამენტური ცვლილებები". – ამბობს გიგა ბოკერია.

ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. ოპიზიციის მოთხოვნები იგივე რჩება: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის, ისევე როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ცვლილება.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, მოლაპარაკებები ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. დღეს ან ხვალ კი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდია დაგეგმილი.

წინა მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის მიერ ფრაგმენტულად გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხელისუფლება კვლავ სრულად პროპორციული, 0%-იანი ბარიერის ინიციატივით გამოდის, რაც ერთხელ უკვე არ შეასრულა.
______________________________________________________________________________________

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიციური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ.

კომენტარები