ბადრი ესებუას საქმე

გომელაური ესებუაზე: ხედავთ, რომ ვმუშაობთ, ხომ? ძმა დავაკავეთ

ქართული ოცნება

"ბოდიში უნდა მოგიხადოთ, წინაზეც იყო ეს შეკითხვა და ხედავთ, რომ ვმუშაობთ, ხომ?" - ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუას საქმეზე საუბრისას. 

"ამის მაჩვენებელია, რომ მოხდა ძმის დაკავება, რომელიც ეხმარებოდა და გადაჰქონდა რაღაც ტვირთი, მასში იყო აკრძალული ნივთები. ვმუშაობთ და ღიად ვერ ვსაუბრობთ, უკაცრავად". - ამბობს გომელაური. 

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის, ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა ზუგდიდში 12 დეკემბერს დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, "არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები." უწყების ცნობით, მისი ჩხრეკისას 2 ხელყუმბარა, საძილე ტომარა, პროდუქტები და ტანსაცმელი ამოიღეს. ესებუას ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულის თქმით, ნივთები მას საბარგულში ჩაუდეს.

ბადრი ესებუა დაკავებული ამ დრომდე არ არის.4 დეკემბერს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ესებუა ძებნილად გამოცხადდა და "როცა დავაკავებთ, გაცნობებთ."

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი ოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები