კრიმინალი

კლინიკა ვივამედის თანამშრომლის დაჭრისთვის წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს

კლინიკა ვივამედის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავა. 1977 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, 1995 წელს დაბადებულ შ.ბ.-ს კი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კლინიკა ვივამედის უსაფრთხოების თანამშრომელს - 1995 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.გ.-მ უსაფრთხოების თანამშრომელს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება". - აცხადებს შსს.

17 დეკემბერს კლინიკა ვივამედში შეიჭრნენ გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები. როგორც ტაბულას კლინიკის წარმომადგენელმა უთხრა, თავდამსხმელებმა მძიმედ დაჭრეს დაცვის თანამშრომელი და გაანადგურეს მიმღებში არსებული ინვენტარი.

პაციენტი, რომლის ახლობლებმაც კლინიკის თანამშრომელი დაჭრეს, ვივამედში 8 დეკემბერს შეიყვანეს ჰიპოვოლემიური შოკით, ის 17 დეკემბერს დილით გარდაიცვალა.

კომენტარები