ეკონომიკა

IMF საქართველოს $113.9 მილიონით დაეხმარება

IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელთა საბჭომ დღეს საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მეშვიდე განხილვა დაასრულა. განხილვის დასრულების შემდეგ IMF ამ პროგრამას გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) ფარგლებში 4-წლიანი დაფინანსებით უჭერს მხარს.

IMF-მა საქართველოს 113.9 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო, რომელიც ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის შოკის შედეგად გაუარესებული საგადასამხდელო ბალანსის გაუმჯობესებაში უნდა დაეხმაროს. განცხადების თანახმად, სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფულადი რესურსების რაოდენობა ამ დახმარების ჩათვლით $585.4 მილიონს აღწევს.

"COVID-19 პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა მკვეთრად შენელდა. მიუხედავად პანდემიის პირველი ტალღის წარმატებით შეკავებისა, შემთხვევების ახლანდელმა ზრდამ ახალი ზომების მიღება გახადა საჭირო, რომლებმაც, შესაძლოა, შეასუსტოს აღდგენის პროცესი. რისკები დიდია და უმეტესად ნეგატიური". - ამბობს IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილე და სხდომის თავმჯდომარე ტაო ჟენგი.

განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 4.3% იქნება, რაც წინა პროგნოზზე 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

კომენტარები