აფრიკის მცხოვრებ მამაშვილს მერი პირად საჩუქარს უკეთებს - ბინას ჩუქნის

თბილისის მერი კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მრავლშვილიან მამას ბინას აჩუქებს. ამის შესახებ კახა კალაძემ პირად ფეისბუკგვერდზე დაწერა. მამაშვილის ფოტო მაშინ არის გადაღებული, როდესაც თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული სახლების დემონტაჟი მოახდინა. ფოტო სოციალურ ქსელებსა და მედიაში მალევე ფართოდ გავრცელდა. 

როგორც კალაძე თავის პოსტში წერს, მთავარი ამბავი მისთვის ისაა, რომ როცა შეუძლია დახმარება, ეხმარება, ასე გაზარდეს, ასე ზრდის თავის შვილებს.

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერიამ უნებართვოდ აშენებული შენობები დაანგრია, 8 ადამიანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. 

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელობა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტური სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა."

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები