ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე: სამწუხარო რეალობაა, ადამიანები კანონს არღვევენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სახლები, რომელიც დღეს დედაქალაქის მერიამ დაანგრია უკანონო ნაგებობებს წარმოადგენდა და მოქალაქეების მხრიდან ადგილი აქვს უკანონო ქმედებას.

სარჯველაძე ამბობს, რომ სახლების ნგრევა უკანონობის აღსაკვეთად მიმართული უკუქმედებებია.

"ძალიან სამწუხარო რეალობაა, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ადამიანების მხრიდან ადგილი აქვს უკანონო ქმედებას, რომლის აღსაკვეთად მიმართული უკუქმედებებია ეს. რაც ბუნებრივია იწვევს ასეთ მნიშვნელოვან ვნებათა ღელვას, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ იქნება მიზეზი სამართალაღსრულებისთვის, ხელისშემშლელი გარემოება ვერ იქნება. ფაქტია, რომ არამართლზომიერ მშენებლობასთან გვაქვს საქმე". - თქვა სარჯველაძემ. 

სარჯველაძემ, ასევე, ისაუბრა მომხდარის ფორმებზე. "აქ ცემაზე და იმაზე არ არის ლაპარაკი ბუნებრივია, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს ჩივილი ამასთან დაკავშირებით და ამის მიხედვით უნდა მოხდეს ამის შესწავლა". –განაცხადა სარჯველაძემ.

აფრიკის დასახლებაში, სადაც მერიამ უნებართვოდ აშენებული შენობები დაანგრია, 8 ადამიანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. 

დემონტაჟის პროცესის შეწყვეტისკენ მერიას მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადების მიხედვით, შენობების ნგრევა მიუთითებს, რომ თბილისის მერიას მგრძნობელობა არ აქვთ საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

ღია საზოგადოების ფონდი კი წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტური სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

თუმცა, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ადამიანებს, ვის შენობებსაც ანგრევენ, სახლები და მიწები აქვთ და აფრიკის დასახლებაში მიზანმიმართულად ცდილობენ ტერიტორიების დატაცებას. მისივე თქმით, "ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია."

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა."

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები